თავისუფალი დემოკრატები

გოგუაძე ყოფილ თავდემებზე: არაფორმალური მმართველობა აღარ არის ქვეყანაში?

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივნის ნინო გოგუაძისთვის გაუგებარია, პარტიის ყოფილი წევრები როგორ აპირებენ იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. გოგუაძემ რუსთავი ორთან ჩართვაში ზურაბ აბაშიძის განცხადებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

"მე არ ვიცი, რა შეიცვალა, ეს [ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული] ბიჭები ისევ პოლიტიკური პატიმრები არიან. იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას როგორ გეგმავენ ეს ადამიანები, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩემთვის გაუგებარია. თუ არაფორმალური მმართველობა აღარ არის ამ ქვეყანაში? თუ პოლიტიკური პროკურატურა არ არსებობს? თუ სასამართლო არ არის მურუსიძის? დიახ, დამორჩილებული სასამართლო. დიახ, ჩვენ ერთად ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას და მე არავისგან არ მესწავლება ნაციონალებთან ბრძოლა, რადგან მე სწორედ მაშინ ვებრძოდი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც ის იყო ძალაუფლებაში და ჩემი აზრით, ყველა იმ ღირებულებას ებრძოდა, რომელსაც დღეს ასე თელავს ქართული ოცნება. მე და ჩემი თანაგუნდელები, ვინც დავრჩით, შალვა შავგულიძე, სხვათაშორის, ირაკლი ალასანია პარტიის წევრია, მას არ დაუტოვებია პარტია, და ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს წარმოვადგენთ თავისუფალ დემოკრატებს, ისევ თანმიმდევრულად ვიბრძოლებთ ამ ღირებულებების დასაცავად" - ამბობს გოგუაძე.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივნის თქმით, სამწუხაროა, რომ პარტიის ყოფილი წევრები უკვე ღიად აცხადებენ თავის სურვილს, ითანამშრომლონ ოცნების ხელისუფლებასთან.

"მათი დღევანდელი მოწოდება კი, მხარი დაუჭირონ ქართულ ოცნებას, არ ეთანხმება პარტიის პოზიციას. პარტიული პოზიცია არის ის, რომ დიახ, ჩვენ ვლაპარაკობთ საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეზე და საერთოდ იმ საფრთხეზე, რასაც იწვევს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. ეს ყველა პოლიტიკოსის ვალია, რომ საზოგადოებას ესაუბროს მოსალოდნელ საფრთხეზე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ და არ მოვუწოდებთ მოქალაქეებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისკენ, რადგან ისინი თვითონ ძალიან კარგად განასხვავებენ, აწონიან საფრთხეებს, საკუთარ გადაწყვეტილებას თავად გააკეთებენ. მოქალაქეებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არჩევანზე, სწორედ მოქალაქეების გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ ვიცხოვრებთ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოაყალიბებენ" - განაცხადა გოგუაძემ.

ცნობისათვის, გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებთან ზურაბ აბაშიძესთან, გია ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილთან დახურული შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ის მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს. ამასთან, ყოფილმა თავისუფალმა დემოკრატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და მხარდამჭერებს მოუწოდეს, მეორე ტურებში მხარი დაუჭირონ ქართული ოცნების კანდიდატებს. ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას "ქვეყნის ამშენებლობისთვის" გამოიყენებს.

კომენტარები