თავისუფალი დემოკრატები

წულუკიანის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე თავისუფალ დემოკრატებს შეუერთდა

justice.gov.ge

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე "თავისუფალ დემოკრატებს" შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"სანდრო ბარამიძეს კარგად იცნობს ქართული საზოგადოება. ის გახლავთ უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი, დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სიღრმისეულად მცოდნე და ჭეშმარიტი დამცველი. "თავისუფალ დემოკრატებს" და სანდრო ბარამიძეს სრული ღირებულებითი თავსებადობა და ბიოგრაფიული მსგავსებაც გვაკავშირებს", - აღნიშნავენ პარტიაში.

ისინი განმარტავენ, რომ როგორც მათთვის, ისე ალექსანდრე ბარამიძისთვის, მიუღებელი იყო "წინა ხელისუფლების ძალმომრეობა", ხოლო შემდეგი "არადემოკრატიული ხელისუფლებაც" დატოვეს.

"ჩვენთვის ერთნაირად მიუღებელი გახდა წინა ხელისუფლების ძალმომრეობა საკუთარ მოქალაქეებზე და "თავისუფალმა დემოკრატებმა", როგორც პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო სანდრო ბარამიძემ, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტმა და პრინციპულმა პიროვნებამ, კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში გაერთიანებულებმა, ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სამართლის გზას აცდენილი ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლაში. მაგრამ, როდესაც ნათელი გახდა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამაც გადაუხვია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზას, "თავისუფალმა დემოკრატებმა" შედარებით ადრე, ხოლო სანდრო ბარამიძემ ცოტა მოგვიანებით, უარი ვთქვით ხელისუფლებაში ყოფნაზე და არადემოკრატიული ხელისუფლების ოპონირებით გადავწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის სამსახურში დარჩენა", - აღნიშნავენ პარტიაში.

მათივე თქმით, მიესალმებიან ალექსანდრე ბარამიძის შეერთებას და სჯერათ, რომ მასთან ერთად კიდევ უფრო ეფექტიანად გააგრძელებენ ბრძოლას "ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცულობის, მისი მოქალაქეების სიმშვიდისა და კეთილდღეობისათვის".

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის 24 ივნისს დატოვა. ის ამ პოსტზე 2012 წლის ოქტომბრიდან იყო, მას შემდეგ, რაც ხელისულება შეიცვალა და პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა.

"თავისუფალი დემოკრატები" 2009 წელს ირაკლი ალასანიამ თანაგუნდელებთან ერთად დააარსა. პარტია იყო კოალიცია "ქართული ოცნების" წევრიც, თუმცა 2014 წელს ხელისუფლება დატოვა. თანამდებობიდან გადადგნენ მინისტრები, პარტია გამოვიდა კოალიციიდან. ერთადერთი მინისტრი ალასანიას პარტიიდან, რომელიც პოსტზე დარჩა, თეა წულუკიანი იყო. მან თანამდებობა შეინარჩუნა, პარტია კი დატოვა. 2016 წელს "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტში ვერ მოხდა. ლიდერების ნაწილმა, მათ შორის ირაკლი ალასანიამ პარტია დატოვა, ერთმა ნაწილმა კი კვლავ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. ამჟამად "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძეა, პოლიტიკური მდივანი კი ნინო გოგუაძე. 

კომენტარები