თავისუფალი დემოკრატები

თავდემებში დარჩენილი წევრები შავგულიძის განცხადებებს ტყუილს და შეურაცხმყოფელს უწოდებენ

fb.com/tamunakekenadze

თავისუფალი დემოკრატებიდან პარტიის თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის და გამგეობის ორი წევრის, ნინო გოგუაძის და ლევან სამუშიას წასვლის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ კეკენაძემ ისაუბრა. კეკენაძის თქმით, შავგულიძის განცხადებები ტყუილი და შეურაცხმყოფელია. მისივე ცნობით, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება პარტიას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ. 

"როგორც თქვენთვის ცნობილია, თავისუფალი დემოკრატები დატოვეს პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძემ, და გამგეობის ორმა წევრმა – ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. 

რა თქმა უნდა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები არ ვაპირებთ გაჩერებას და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში". – ამბობს კეკენაძე. 

თამარ კეკენაძე ასევე გამოეხმაურა შალვა შავგულიძის განცხადებას, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ პარტიის მიერ მოულოდნელად საარჩევნო სიასთან დაკავშირებით აზრის ცვლილება და სიაში მე-2 ნომრად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძის დასახელებას, არ ეთანხმება, რადგან მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი სამი წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია.

კეკენაძის თქმით შავგულიძის მხრიდან ეს განცხადება შეურაცხმყოფელია და ნებისმიერ პარტიაში სია დგება, თუ ვის შეუძლია მეტი ხმისა და მხარდამჭერის მოტანა პარტიისთვის. 

"მინდა გამოვეხმაურო პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჩემი პარტიის წევრების მიმართ, მან ძალიან ცუდად, აუგად და დაუმსახურებელი ეპითეტებით შეამკო ისინი.

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ, ბატონი ვახტანგ მჭედლიძე, ჩვენი მაჟორიტარი კახეთში, რომელმაც 2016 წლის არჩევნების შედეგებით ყველაზე მეტი ხმა მოუტანა პარტიას. 

ხოლო რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომ ეს ყველაფერი მოხდა ბატონი ვახტანგის მოთხოვნების და კაპრიზების გამო, ეს არის ტყუილი. ნებისმიერ პარტიაში სია დგება, თუ ვის შეუძლია მეტი ხმა და მხარდაჭერა მოუტანოს პარტიას და ამ შემთხვევაში ჩვენი ამოცანა იყო ამ ხმების მობილიზება მომხდარიყო". – თქვა თამარ კეკენაძემ.

შავგულიძის სიტყვებს ასევე პასუხობს ვახტანგ მჭედლიძეც და ამბობს, რომ განცხადება, მისი მეორე ნომრად დასახელების მოთხოვნის შესახებ, ტყუილია.

"ეს არის ტყუილი, მეორე ნომერი მე არ ვიყავი, მე უნდა ვყოფილიყავი მეექვსე ნომერი, მაგრამ არ მინდა დავწვრილმანდე". – ამბობს მჭედლიძე

შალვა შავგულიძე საკუთარ განცხადებაში ასევე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრის, დევი ტაბიძის საკითხს. შავგულიძის თქმით ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა თავისუფალი დემოკრატების საგარეო მდივანი - ექიმი, დევი ტაბიძე. ხოლო არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის სხვა წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ თამარ კეკენაძემ აღნიშნა, რომ დევი ტაბიძე თავისი სამედიცინო პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ესწრება და ყოველთვის დაესწრება ისეთ შეხვედრებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

"ბატონი დევი ტაბიძე თავისი სამედიცინო პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ესწრება და ყოველთვის დაესწრება ისეთ შეხვედრებს, რასაც საჭიროდ ჩათვლის". – ამბობს თამარ კეკენაძე.

თავისუფალი დემოკრატების დროებითი თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები რჩებიან დღეს თავისუფალ დემოკრატებში.

"სწორედ ასეთი ადამიანები რჩებიან დღეს თავისუფალ დემოკრატებში, ხოლო მათ, ვინც გადაწყვიტეს, რომ დატოვონ პარტია, მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო".

ვრცალად რატომ დატოვეს ლიდერებმა თავისუფალი დემოკრატებიწაიკითხეთ აქ.

კომენტარები