არჩევნები 2012

მელია: ქალბატონმა თამარმა ვერაფერი გვითხრა იმიტომ, რომ ის არაფერს წყვეტს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც პარტიის წევრებმა კომენტარები გააკეთეს. პარტიის წევრის, ნიკა მელიას თქმით, კითხვებზე მათ პასუხები ვერ მიიღეს.

"რეალურად ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, იმ ფაქტებზე, რაც სხვადასხვა რეგიონში მოხდა. ცესკოს ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს ან არ უნდა ჰქონდეს, რა ხდება. ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მაგრამ ჩვენს თავთან რომ ვიყოთ მართლები, შეხვედრა აუცილებელი იყო. უნდა გაგვემართა ეს შეხვედრა, რომ მერე ვიღაცამ არ გვითხრას, მისულიყავით, იქნებ რას გეუბნებოდათ ქალბატონი თამარი. ქალბატონმა თამარმა ვერაფერი გვითხრა იმიტომ, რომ ის არაფერს წყვეტს. აქ ყველაფერს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. ვუთხარი, რომ არ მშურს მათი პოზიციის, რომელსაც იკავებენ, რადგან დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი დამთავრდება ჩვენი, თქვენი გამარჯვებით ძალიან მალე", - თქვა მელიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს ადამიანები მსხვერპლები არიან და პარტიის სამოქმედო გეგმა მალე გახდება ცნობილი.

"მოლოდინი არ გვქონდა არაფრის. როცა გესმის პასუხი, რომ "მართლა შემთხვევით დაემთხვა 53%-ს, ველოდით აცდენოდა და არ აცდა არაფრით"... ეს ადამიანები მსხვერპლები არიან. რატომ არ ტეხს განგაშის ზარს ცესკოს თავმჯდომარე, როდესაც უბნებს არბევენ. "გავაკეთეთ განცხადება, წესრიგის დაცვისკენ მოვუწოდეთ" - ეს იყო პასუხი. ჩვენი ვალი იყო, შევხვედროდით. გვექნება კონსულტაციები და შეგატყობინებთ ყველას. მადლობა, ვინც აქ მოხვედით", - თქვა ბოკერიამ.

კომენტარები