კოლუმბია

კოლუმბიაში მოსახლეობამ მთავრობასა და FARC-ს შორის ომის დასრულებას მხარი არ დაუჭირა

AFP

კოლუმბიაში რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩევლთა უმრავლესობამ კოლუმბიის მთავრობასა და მემარცხენე რადიკალურ ჯგუფ FARC-ს (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები - სახალხო არმია) შორის სამშვიდობო ზავის შესახებ გაფორმებული დოკუმენტის ამოქმედებას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტის ამოქმედების წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 50.22 %-მა მისცა.

შეგახსენებთ, რომ 52-წლიანი ბრძოლისა და 4-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კოლუმბიის მთავრობამ და მემარცხენე ამბოხებულმა ჯგუფმა FARC-მა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებას 25 აგვისტოს მიაღწიეს. 26 სექტემბერს კი, მხარეებმა შეთანხმებას საბოლოოდ მოაწერეს ხელი. მათ შეთანხმების მიღწევის შესახებ კუბაზე გამოაცხადეს. 2012 წელს მხარეებმა მოლაპარაკებები სწორედ კუბაზე დაიწყეს. როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, კუბაზე ფიდელ კასტროს ლიდერობით მომხდარი კომუნისტური რევოლუცია იყო ამბოხებული მემარცხენეების მთავარი ინსპირაციაც. კოლუმბია კი, თავის მხრივ, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა ლათინოამერიკული ქვეყნებიდან. 

კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის თქმით, ის ვალდებულია რეფერენდუმის შედეგები მიიღოს, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმება ძალაში რჩება და FARC-ის ლიდერებს კუბაში მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"მე არ დავნებდები, მე გავაგრძელებ მშვიდობისთვის ბრძოლას ჩემი მანდატის მოქმედების ბოლო დღემდე, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უკეთესი ქვეყანა დავუტოვოთ", - თქვა სანტოსმა.

სანტოსის პოზიციას იზიარებს FARC-ის ლიდერი ტიმოჩენკოც. მისი თქმით, ჯგუფი საკუთარ აზრზე რჩება და ისინი ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ. ტიმოჩენკოს თქმით, რეფერენდუმის შედეგებზე გავლენა დესტრუქციულმა ძალებმა მოახდინეს, რომლებიც ხალხში სიძულვილსა და შურისძიების სურვილს თესავენ. 

კოლუმბიის ექსპრეზიდენტმა ალვარო ურიბემ, რომელიც დოკუმენტის ამოქმედების წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ ყველა კოლუმბიელს სურს მშვიდობა, თუმცა შეთანხმებაში საკმაოდ ბევრი პუნქტია გადასახედი. მისი თქმით, მთავრობა ვალდებულია დაემორჩილოს ხალხის გადაწყვეტილებას.

52-წლიან შეიარაღებულ დაპირისპირებას 220 000-ზე მეტი კოლუმბიელი შეეწირა, 5 მილიონზე მეტ ადამიანს კი, საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

კომენტარები