კოლუმბიელი სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი, მიგელ ურიბე, რომელსაც ივნისში საჯარო გამოსვლის დროს ესროლეს, თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ განცხადებას ურიბეს ცოლი, მარია კლაუდია ტარაზონა ავრცელებს.
ურიბემ ცხრა კვირა საავადმყოფოში გაატარა, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს. გუშინ, 10 აგვისტოს, საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ურიბეს მდგომარეობა გაუარესდა და მას ტვინში სისხლდენა დაეწყო.
სამართალდამცავებმა სროლასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 14 წლის მოზარდი, რომელმაც ურიბეს ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, პოლიციას თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ოთხივე დაკავებულ პირს მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ფლობა ედება ბრალად, ხოლო სამ ზრდასრულს დამატებით ბრალდებად დანაშაულის ჩასადენად არასრულწლოვანის გამოყენება წარედგინათ.
ბრალდებულები ბრალს უარყოფენ და სამართალდამცავებს განუცხადეს, რომ სხვა პირის ბრძანებებს ასრულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში, ბოგოტაში, საჯარო გამოსვლის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატს, სენატორ მიგელ ურიბე ტურბეის 15 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
ტურბეის თავის არეში ორი და ფეხში ერთი ტყვია მოხვდა. გარდა ამისა, სროლის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.
სროლას გამოეხმაურა მარკო რუბიო, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს იყო "პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიაზე".





