ეკონომიკური ზრდა

2016 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზარდა

benjielayug.com

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველი რვა თვის (იანვარ-აგვისტოს) შუალედში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა. საქსტატის გათვლებით აგვისტოში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.9% შეადგინა. 

2016 წლის ბიუჯეტით წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა დაგეგმილი. გასულ წელს ზრდა 2.8% იყო 2017 წელს კი მთავრობა 5.5%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის "ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები 2016-2020 წლებში" მიხედვით, 2017-2020 წლებში ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი 5.5% იქნება. 

უცნობია, შესრულდება თუ არა ამ დოკუმენტით განსაზღვრული პროგნოზები, რადგანაც ქართული ოცნების მთავრობის ეკონომიკური პროგნოზები ხშირად არ მართლდება. მაგალითად, 2013 წლის ბიუჯეტით 6%-იანი ზრდის მიღწევა იყო დაგეგმილი, თუმცა რეალურად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობამ საპროგნოზო მაჩვენებლად 5% აიღო, ზრდამ კი 4.6% შეადგინა. 2015 წელს კი ,თავდაპირველად ზრდის პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, რის მიღწევაზეც მთავრობამ უარი თქვა. 2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტით სამიზნე ზრდად 2% განისაზღვრა, რეალურმა ზრდამ კი ამაზე 0.8%-ით მეტი შეადგინა.  

საქსტატმა 19 სექტემბერს სექტორების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი ტემპით სამთომომპოვებელი მრეწველობა გაიზარდა, ტრანსპორტის სექტორში კი მინუს 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. სამთომომპოვებელი მრეწველობა - 24.1%
  2. მშენებლობა - 12.8%
  3. ფინანსური შუამავლობა - 9.8%
  4. საფინანსო სექტორი - 9.4%
  5. შინამეურნეობების საქმიანობა - 9.5%

ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ხუთეული:

  1. ტრანსპორტი - (-6%)
  2. ვაჭრობა - (-2.8%)
  3. ენერგეტიკა - 0.3%
  4. ჯანდაცვა - 1%
  5. სოფლის მეურნეობა - 1.7%

კომენტარები