თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ში პოლიცია უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის უფროსმა გამოიძახა

პოლიცია თსუ-ში
მარიამ გულიაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიცია თსუ-ის დაცვის სამსახურის უფროსმა გამოიძახა. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ თავად გიორგი გორაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას ამის უფლება ჰქონდა.

ცნობისთვის, აუდიტორია 115-ის წევრების რექტორთან შეხვედრის მცდელობას უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტების განცხადებით, შენობაში პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, რექტორის გია შარვაშიძის მტკიცებით, მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ. შარვაშიძის თქმითვე, "გვქონდა ინფორმაცია, რომ ძალა უნდა გამოეყენებინათ, გავარკვევთ ყოველ კონკრეტულ ფაქტს. ვინც არის დამნაშავე, დაისჯება მკაცრად. დავიცავთ კანონს".

აუდიტორია 115-ის წევრების მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან იყო ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სტუდენტების თქმით, შეეზღუდათ უნივერსიტეტში შესვლა, რადგან მათ ჯერ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ, შემდეგ კი, პოლიცია. სტუდენტების თქმით, მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ რექტორს სტუდენტებისთვის არ მიემართა.

აუდიტორია 115 გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებს. ასევე, ითხოვს რეფორმების გატარებას, მათ შორის, განათლების სისტემის ცვლილებას, თვითმმართველობის გაუქმებას და გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასწავლო პროცესში დაბრუნებას. ამის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა თბილისის მერს, განათლების მინისტრს და ახლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას აპირებდნენ, თუმცა, აუდიტორია 115-ის წევრები სცენაზე ავიდნენ, გამომსვლელებს მიკროფონები გამოართვეს და თავად მიესალმნენ პირველკურსელებს.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად 23 სექტემბერს აირჩია. შარვაშიძის თქმით, რექტორი ყველას მოსაწონი ვერ იქნება. ის გეგმავს, თსუ-ს "ძველი დიდება" დაუბრუნდეს.

კომენტარები