თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია 115-მა რექტორს და განათლების მინისტრს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. მათ თბილისის მერს, განათლების მინისტრს და ახლადარჩეულ რექტორს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, მინისტრები და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყების მილოცვას აპირებდნენ, თუმცა, აუდიტორია 115-ის წევრები სცენაზე ავიდნენ, გამომსვლელებს მიკროფონები გამოართვეს და თავად მიესალმნენ პირველკურსელებს.


ფოტო: ტაბულა
ამის შემდეგ, თბილისის მერმა, რექტორმა და განათლების მინისტრმა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს სტუდენტების დაჯილდოება. აუდიტორია 115-ის წევრების რექტორთან შეხვედრის მცდელობას კი, უნივერსიტეტის დაცვის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ერთ-ერთი სტუდენტის განცხადებით, შენობაში პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, გია შარვაშიძის მტკიცებით, მათ პოლიცია არ გამოუძახებიათ. 

მოგვიანებით, თსუ-ს დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი გორაშვილმა თქვა, რომ პოლიცია თავად გამოიძახა, რადგან ამის უფლება ჰქონდა.

აუდიტორია 115-ის წევრების მტკიცებით, პოლიციელების მხრიდან იყო ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სტუდენტების თქმით, შეეზღუდათ უნივერსიტეტში შესვლა, რადგან მათ ჯერ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ, შემდეგ კი, პოლიცია. სტუდენტების თქმით, მათ მხოლოდ ის სურდათ, რომ რექტორს სტუდენტებისთვის არ მიემართა.

აუდიტორია 115 გია შარვაშიძის რექტორად არჩევას აპროტესტებს. ასევე, ითხოვს რეფორმების გატარებას, მათ შორის, განათლების სისტემის ცვლილებას, თვითმმართველობის გაუქმებას და გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების სასწავლო პროცესში დაბრუნებას.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რექტორად 23 სექტემბერს აირჩია. შარვაშიძის თქმით, რექტორი ყველას მოსაწონი ვერ იქნება. ის გეგმავს, თსუ-ს "ძველი დიდება" დაუბრუნდეს.

კომენტარები