საკონსტიტუციო სასამართლო

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დღეს, 20 სექტემბერს გაიმართა. 

"საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს პლენუმის წინაშე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინა თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა. პლენუმის წევრები გაეცნენ წარდგენილ კანდიდატს, მიიღეს მისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა თეიმურაზ ტუღუში", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

თეიმურაზ ტუღუში საკონსტიუციო სასამართლოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ-იურისტის ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ტუღუშის ძირითადი ლობისტები იუსტიციის საბჭოს მდივანი და უზენაეს სასამართლოში "მისი მხარდამჭერი დაჯგუფება" არიან.

"იუსტიციის საბჭოს მდივანი გახლავთ ლევან მურუსიძე, მისი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი უზენაეს სასამართლოში გახლავთ ბატონი ჩინჩალაძე. ამ დაჯგუფების მთავარი მიზანია დღეს მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის [ზაზა თავაძის] გაპირველკაცება საკონსტიტუციო სასამართლოში. ასე რომ, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძე-თავაძის, მთავრობის მიერ წახალისებული პროცესი", - ამბობს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი მოსამართლიდან ერთი პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორი კი - პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.

კომენტარები