ბანკები

მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ 17.6 ათას მსესხებელს სესხი გაუიაფა

benjielayug.com

ეროვნულმა ბანკმა 7 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით 6.5%-მდე შეამცირა. მომხმარებელთა ნაწილს ლარში ნომინირებული სესხები რეფინანსირების განაკვეთზე აქვს მიბმული. ამ მსესხებლებს სესხის განაკვეთი 0.25%-ით გაუაფდათ. არასამთავრობო ორგანიზაციამ "საზოგადოება და ბანკები" დათვალა რომ ამ გადაწყვეტილებით 17.6 ათას ადამიანს გაუაფდა სესხის ღირებულება.

"ცვლად განაკვეთზე მიბმული 745,3 მლნ ლარის სესხია გაცემული. 17642 ხელშეკრულებიდან 8371 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 81,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოსთვის 15.6% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 4599 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.8%-ში. მთლიანი პორტფელი კი 195,1 მილიონი ლარია.

1775 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 445,71 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,3 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14,1%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 370,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13,3%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 681,79 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,6%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2874 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 22,2 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,8%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა", -წერია საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში.

კომენტარები