ბანკები

41%-ით შემცირებული მოგება და გაზრდილი სესხები – BOG-ის 2020

GeorgiaWealth

საქართველოს ბანკის ჯგუფმა 25 თებერვალს 2020 სრული წლის ფინანსური და საოპერაციო შედეგები გამოაქვეყნა

 

1. ძირითადი მაჩვენებლები

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის ანგარიშზე 14.19 მილიარდი ლარის გაცემული სესხი და 14.02 მილიარდი ლარის მიღებული დეპოზიტია. ჯამური აქტივები საანგარიშო პერიოდის ბოლოს 20.04 მილიარდ ლარს შეადგენს, ჯამური ვალდებულებები კი – 19.49 მილიარდს. 

საქართველოს ბანკმა 2020 წელს 1 090 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი მიიღო, სადაც სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი 777.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ბანკის წლიური წმინდა მოგება 295 მილიონი ლარით განისაზღვრა.

აქტივების შესაძლო გადეფოლტებით მიღებული ზარალის დარეზერვების შემდეგ, ბანკის კაპიტალზე უკუგებამ 13% შეადგინა, აქტივებზე უკუგებამ კი – 1.5%. ლიკვიდურობის მაჩვენებელი(LCR) კი წლის ბოლოსთვის 138.6%-ია, რაც მარეგულირებლის მიერ დაწესებულ მინიმალურ მოთხოვნას 38.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. რაც შეეხება მიღებული და გაცემული სარგებლის ფარდობას ინვესტირებულ აქტივებთან(NIM), 2020 წელს კოეფიციენტმა 4.6% შეადგინა.

 

2. მაჩვენებლები 2019-2020 წლების ჭრილში

საქართველოს ბანკის სასესხო პორტფელი 2019-დან 2020 წლამდე 18.9%-ით გაიზარდა და 14.19 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წელს ბანკში განთავსებული დეპოზიტები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა და 14.02 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 39%-ით მეტია.

2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული წმინდა მოგება. 2019 წელს ბანკის მოგებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი კი 2020 წელს 295 მილიონამდე, 41%-ით შემცირდა. შემცირების ძირითადი მიზეზი პანდემიით მიყენებული შოკი, საშუალოზე მეტად დარეზერვებული აქტივები და სამთავრობო შეზღუდვებია. 

ორჯერაა შემცირებული ინვესტიციებზე უკუგების მაჩვენებელი: 2019 წელს ბანკის ROE 26.1%-ს შეადგენდა, 2020 წლის ბოლოს კი – 13%-ს. ასევე, განახევრებულია აქტივებზე უკუგების კოეფიციენტიც, 3.1%-დან 1.5%-მდე.

რაც შეეხება მიღებული და გაცემული სარგებლის ფარდობას ინვესტირებულ აქტივებთან(NIM), 2019 წლის 5.6%-იანი მაჩვენებელი 2020 წელს 4.6%-მდე შემცირდა, რაც, ანგარიშის მიხედვით, ლარში მიღებული დეპოზიტების მომსახურების ფასის ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგია.

 

3. საბაზრო მაჩვენებლები 

2020 წლის ბოლოს, სასესხო პორტფელის მიხედვით. ქვეყნის ყველაზე დიდ ბანკად კვლავ თიბისი რჩება, რომელსაც საქართველოს და ლიბერთი ბანკები მოჰყვებიან. თუმცა, საქართველოს ბანკი ბაზარზე ლიდერულ პოზიციას იკავებს მიღებული დეპოზიტების მხრივ. 

ჯგუფმა გასული წელი 206 ფილიალით, 2.61 მილიონი მომხმარებლითა და ქვეყანაში გაცემული ჯამური სესხების 37.7%-იანი წილით დაასრულა.

 

 

კომენტარები