ბანკები

TBC ბანკის 2020: გაზრდილი სესხები, შემცირებული მოგება და პანდემიის კვალი

kun.uz

TBC ბანკის ჯგუფმა 19 თებერვალს 2020 სრული წლის ფინანსური და საოპერაციო შედეგები გამოაქვეყნა.

1. ძირითადი მაჩვენებლები

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის ანგარიშზე 15.2 მილიარდი ლარის გაცემული სესხი და 12.57 მილიარდი ლარის მიღებული დეპოზიტია. აქტივების შესაძლო გადეფოლტებით მიღებული ზარალის დარეზერვებამდე ბანკის ინვესტიციებზე უკუგებამ(ROE) 24.7% შეადგინა, დარეზერვების შემდეგ კი – 11.7%. ლიკვიდურობის მაჩვენებელი(LCR) წლის ბოლოს 134.2%-ს შეადგენს. 

თიბისი ბანკის ჯგუფის საფინანსო სექტორზე ორიენტირებულმა ნაწილმა 2020 წელს, ჯამურად, მილიარდ ლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, არასაფინანსო ეკოსისტემამ კი – თითქმის 100 მილიონი. 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის წმინდა საბალანსო ღირებულება 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს, ჯამური აქტივები კი – 22.6 მილიარდს.

ბანკმა 2020 წელი 157 ფილიალით, 2.8 მილიონი მომხმარებლითა და ჯამური სესხების 39%-იანი საბაზრო წილით დაასრულა.

 

2. მაჩვენებლები 2019-2020 წლების ჭრილში

თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი 2019-დან 2020 წლამდე 2.54 მილიარდი ლარით გაიზარდა და 15.2 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება დეპოზიტებს, 2019 წლის 31 დეკემბერს ჯამური დეპოზიტები ბანკში 10.05 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2020-ის განმავლობაში ანაბრები 25.1%-ით გაიზარდა და 12.57 მილიარდ ლარს მიაღწია.

2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული წმინდა მოგება. 2019 წელს ბანკის მოგებამ 540.3 მილიონი ლარი შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი კი 2020 წელს 322.5 მილიონამდე, 40%-ით შემცირდა. შემცირების ძირითადი მიზეზი პანდემიით მიყენებული შოკი, საშუალოზე მეტად დარეზერვებული აქტივები და სამთავრობო შეზღუდვებია. 

თითქმის ორჯერაა შემცირებული ინვესტიციებზე უკუგების მაჩვენებელი: 2019 წელს ბანკის ROE 22.9%-ს შეადგენდა, 2020 წლის ბოლოს კი – 11.7%-ს. 

რაც შეეხება მიღებული და გაცემული სარგებლის ფარდობას ინვესტირებულ აქტივებთან(NIM), 2019 წლის 5.6%-იანი მაჩვენებელი 2020 წელს 4.7%-მდე შემცირდა, რაც, ანგარიშის მიხედვით, ლარში მიღებული დეპოზიტების მომსახურების ფასის ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგია.

 

3. საბაზრო მაჩვენებლები 

2020 წლის ბოლოს, სასესხო პორტფელის მიხედვით. ქვეყნის ყველაზე დიდ ბანკად კვლავ თიბისი რჩება, რომელსაც საქართველოს და ლიბერთი ბანკები მოჰყვებიან, შესაბამისად:

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკი საცალო სექტორში 2.6 მილიონ კლიენტს ემსახურება, კორპორატიულში – 3 700-ს, ხოლო მცირე და საშუალო ზომის საწარმოებიდან – 160 000-ზე მეტს. 

 

კომენტარები