თბილისის საკრებულო

"მწვანე მუშტის" წევრი საკრებულოს დაცვამ სხდომიდან ძალით გაიყვანა

Irakli Kupradze/fb.com

ორგანიზაცია მწვანე მუშტის წარმომადგენელს ირაკლი კუპრაძეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დაცვის თანამშრომლებმა ძალით დაატოვებინეს. როგორც საკრებულოდან ტაბულას კორესპონდენტი იუწყება, კუპრაძე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, თუმცა, მას განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კუპრაძეს უთხრა, რომ დეპუტატებზე წინ ვერ დააყენებდა. ამის შემდეგ, მწვანე მუშტის წარმომადგენელი სხდომათა დარბაზიდან ძალით გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კუპრაძე ის აქტივისტია, რომელსაც ორი დღის წინ თბილისის მერმა - "მაიმუნო, ვირიშვილო-თი მიმართა.

"მოვითხოვ, თბილისის მერი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ის არა მარტო უღირსი მერია, არამედ უღირსი ადამიანიცაა, რომელმაც ვერ შეძლო ბოდიშის მოხდა იმ ადამიანისთვის, რომელთანაც უღირსად მოიქცა. თუმცა, ბოდიში მოუხადა თავის ამომრჩეველს და მისი ყველა მოქმედება მიმართულია პიარ-აქციებისკენ საარჩევნოდ. ჩვენ ამ ყველაფერში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, პროტესტი გრძელდება", - განუცხადა კუპრაძემ სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს.

საკრებულოში თბილისის მერს დავით ნარმანიას უსმენენ. ის ოპოზიციამ ქალაქში არსებული პრობლემების გამო დაიბარა. სხდომაზე, დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო, შესვენებაც გამოცხადდა. თბილისის მერის გამოსვლის დროს ერთმანეთს სიტყვიერად მოქალაქეები, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს დაცვამ დარბაზი მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დაატოვებინა.

საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აქციაც, რომლის მონაწილეებმაც ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.

პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ისინი გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის გადადგომას ითხოვენ. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.

კომენტარები