საკრებულოს სხდომაზე, დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო, 20-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას გამოსვლის დროს ერთმანეთს სიტყვიერად მოქალაქეები, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს დაცვამ დარბაზი მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დაატოვებინა.
შესვენების გამოცხადებამდე მერმა გამწვანებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხეების მოჭრაზე ბევრი ნებართვა გაიცა. დავით ნარმანიას თქმით, ეკოლოგიის სამსახურს ბიუჯეტი გაეზრდება და მოხდება მისი რეორგანიზაცია. ნარმანია ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ხეების უკანონოდ მოჭრაზე რეგულაციები გამკაცრდება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აქცია, რომლის მონაწილეებმაც ნარმანიას სიმბოლურად ნაჯახი დაუტოვეს. საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს ნაჯახის აღება მოსთხოვა, თუმცა მათ ამაზე უარი განაცხადეს.
დავით ნარმანია საკრებულოში ოპოზიციამ ქალაქში არსებული ვითარების, მათ შორის ეკოლოგიური პრობლემების გამო დაიბარა.
პარტიზანმა მებაღეებმა საპროტესტო აქციები 17 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვის გამო დაიწყეს. ნატა ფერაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. ის შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში შეუძლოდ გახდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნატა ფერაძის ნაცვლად, შიმშილობა დაიწყო პარტიზანმა მებაღემ ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. დღეს გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას წყვეტენ, თუმცა, აქციებს აგრძელებენ.





