თბილისის საკრებულო

საკრებულოს ოპოზიციამ ნარმანია ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე მიიწვია

timer.ge

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ დავით ნარმანია ხუთშაბათს საკრებულოს სხდომაზე მიიწვია. როგორც საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, მათ შეაგროვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელმოწერების რაოდენობა. მერის საკრებულოში დასაბარებლად, დეპუტატთა რაოდენობის მეოთხედის თანხმობაა საჭირო.

ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ნარმანიას საკრებულოში დაბარების მიზეზი, თბილისში უკანონოდ გაჩეხილი ხეებია.

"თბილისში ყაზბეგის გამზირზე ათეულობით უკანონოდ გაჩეხილმა ხემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზი გვაქვს, რომელზეც თბილისის მერი და მერიის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ იღებს. ამიტომ, ჩვენს კოლეგებთან ერთად, საკრებულოში ვიბარებთ ხუთშაბათს თბილისის მერს, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოუწევს პასუხი გასცეს ამ და სხვა შეკითხვებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ", - ამბობს აბესაძე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანია ვერ ერკვევა საკუთარ უფლებამოსილებაში.

"მთავარი კითხვა არის, ერკვევა თუ არა ნარმანია საკუთარ უფლებამოსილებაში. თბილისში საღი ხეები მოიჭრა და ნარმანია გამოდის და არ ვიცი ვისი დანაშაული არისო. ეს ნიშნავს, რომ მან არ იცის საკუთარი სტატუსი. მეორე რაც არის, ის, რომ რატომ აწერს საღი ხეების მოჭრას ხელს გამწვანების სამსახურის უფროსი და რატომ არ აგებს ის პასუხს", - თქვა ელისაშვილმა.

ნარმანიას საკრებულოში მისვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს რეპუბლიკელებმა და გაერთიანებულმა დემოკრატებმაც.

კომენტარები