რელიგიური შეუწყნარებლობა

პაპის ვიზიტის წინ, უცნობებმა კათოლიკე ეკლესიის კარი შეღებეს - "stop juzepe!"

რუსთავის კათოლიკური საკრებულო
ტაბულა

რუსთავში, კათოლიკე ეკლესიის კუთვნილი ეზოს კარი, სადაც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები წლებია ტაძრის აშენებას ითხოვენ, დაახლოებით თვენახევრის წინ შეღებეს. "stop juzepe" - უცნობებმა ეს გზავნილი ქართველი კათოლიკეების ეპისკოპოსს, ჯუზეპე პაზოტოს დაუტოვეს. დეკემბრის დასაწყისში ტერიტორიაზე კათოლიკეებმა "გულმოწყალების კარი" გახსნეს, რაც კათოლიკური ტრადიციით სიწმიდეს წარმოადგენს და ღვთის გულმოწყალებას განასახიერებს. 

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 6 ივნისს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის" სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე მხარე, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, კათოლიკური ტაძრის მშენებლობისთვის, რუსთავის მერიისგან სანებართვო მოწმობის გაცემას მოითხოვდა. რუსთავის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კათოლიკე ეკლესიაში არ გამორიცხავენ, რომ კარზე წარწერის დატოვება, სწორედ ეკლესიაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს.

"იოლი შესაძლებელია, ამ წარწერის დატოვება ემსახურებოდეს კათოლიკე ეკლესიაზე ზეწოლის მცდელობას. არ შეგვიძლია დავამტკიცოთ ვინ გააკეთა ეს, ვიცით, რომ წარწერა თვენახევრის წინ გამოჩნდა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს არ იყო კეთილმოსურნეობის გამოხატულება. ვერაფერს გამოვრიცხავთ", - განუცხადა ტაბულას საქართველოში კათოლიკე ეკლესიის კანცლერმა, მამა აკაკი ჭელიძემ. 

მამა აკაკი ამბობს რომ, "რა თქმა უნდა, ამგვარი გამოხტომები შეურაცხყოფს ადამიანის გრძნობებს, თუმცა, სიწმიდის გაცილებით უფრო დიდი წაბილწვა ხდება მაშინ, როცა მავანნი ძალადობენ იმ სიწმიდეზე, რომელსაც ადამიანის სინდისი ჰქვია და შეურაცხყოფენ იმ თავისუფლების სივრცეს, რომელზეც ღმერთიც კი არ ძალადობს".

კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსთავის მერიის ნაბიჯს შეუწყნარებლობის გამოხატულებად განიხილავს.

"მიუხედავად იმისა, რომ მერია დარწმუნებულია, - ახალი პროცესი მის სასარგებლოდ არაფერს იტყვის და სასამართლო ჩვენს უფლებას ხელმეორედ აღიარებს, - ის სწორედ დროის გაწელვის გზას დაადგა. ამის მიზეზი, შესაძლოა, მოახლოებული არჩევნებიც იყოს. ამგვარი ქცევით ის სამართლიანობას არანაირ სამსახურს არ უწევს, არადა, სწორედ სამართლიანობისთვის სამსახურის გაწევა უნდა იყოს მათი პირველი დანიშნულება. ამ აპელაციით მერია წელავს დროს. მას აპელაციით მიმართვის უფლება აქვს, მაგრამ ცხადია, რომ ასეთი ქცევა არის კათოლიკე ეკლესიის მიმართ აშკარა, ღრმა შეუწყნარებლობის გამოხატულება, იმის თქმა, რომ რუსთავში ადგილი არ აქვს კათოლიკურ ტაძარს. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამგვარი რამ მოხდა პაპის ვიზიტის წინ. კათოლიკე ეკლესიას საქართველოში კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ჯობია, საერთოდ არ ვარსებობდეთ", - ამბობს მამა აკაკი ჭელიძე.

საქართველოში რელიგიური უმცირესობის სიწმიდეების შეურაცხყოფის ეს ფორმა პირველი არ არის, ორი წლის წინ, ქობულეთში, მუსლიმური სასულიერი სასწავლებლის კარს ადგილობრივებმა ღორის თავი მიაჭედეს.

საქართველოში რომის პაპის ვიზიტი 30 სექტემბერს იგეგმება.

კომენტარები