ცენტრისტები

ცესკომ ცენტრისტებს რეგისტრაცია ხელმძღვანელობის არარსებობის გამო გაუუქმა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბედუკაძის პარტია "ცენტრისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ცენტრისტების რეგისტრაციიდან მოხსნის მიზეზი, რეესტრის გუშინ გამოქვეყნებული განცხადება გახდა. გუშინ საჯარო რეესტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია ცენტრისტებს 2006 წლის შემდეგ, არ ჰყავს და არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ჟვანია პასუხისმგებლობას საჯარო რეესტრს აკისრებს, რადგან მათ ცესკო-ს ეს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს.

"გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლებრივ უფლებამოსილებებს ეხება, იმ პოლიტიკური გაერთიანებების, რომლებიც, როგორც იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრირებული, ასევე, ამ რეგისტრაციის საფუძველზე ტარდებიან საარჩევნო რეგისტრაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაცია შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად იქნეს მოწოდებული საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, შესაბამისად, დღეს 11 საათზე, მოვაწერე განკარგულებას ხელი, ეს გახლავთ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ“,- ამბობს ჟვანია.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომელიც პრორუსულ მოწოდებებს შეიცავდა. ამის გამო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რესპუბლიკელებმა და ქართულმა ოცნებამ განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანდნენ სარჩელს, პარტიის გასაუქმებლად.

კომენტარები