ცენტრისტები

თამარ ჟვანია: "ცენტრისტების" რეგისტრაციაზე შენიშვნები უსაფუძვლოა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ "ცენტრისტების" რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და კანონიერების საკითხი. თამარ ჟვანიას განმარტებით, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს. 

"აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარემ, პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტები“, 2016 წლის 2 ივნისის განცხადებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე, (ასევე, დამატებით მათ მიერ წარმოდგენილ იქნა პარტიის 2016 წლის 29 მაისის ყრილობის ნოტარიულად დამოწმებული ოქმი, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარედ არჩეულია თემურ ხაჩიშვილი), საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად გაატარა საარჩევნო რეგისტრაციაში. ნიშანდობლივია, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის მიზნებისთვის, ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის  ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი; აღნიშნული სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე ცესკოს ქმედებასთან დაკავშირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და არ ემყარება კომპეტენტურ მოსაზრებებს." - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაში. 

ცნობისთვის, პარტია ცენტრისტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს სამართლიანი არჩევნები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის გარდა, პრორუსული საარჩევნო ვიდეორგოლის გამო, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე საჯარო რეესტრის ინფორმაციით, პარტია ცენტრისტებს 2006 წლის შემდეგ, არ ჰყავს და არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. 

კომენტარები