ცენტრისტები

რეესტრი: "ცენტრისტებს" 2006 წლიდან არ ჰყავს ხელმძღვანელობა და უფლებამოსილი პირი

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, პარტია ცენტრისტებს 2006 წლის შემდეგ, არ ჰყავს და არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამის შესახებ რეესტრი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტები რეგისტრირებულია 2002 წლის 30 დეკემბერს. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს ირჩევს ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.

2002 წლის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ თეიმურაზ ხაჩიშვილი აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობას ვადა 2006 წელს ამოეწურათ. რეესტრის ცნობით, 2006 წლიდან 2016 წლამდე პარტიას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით.

"2016 წლის 19 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილმა მოითხოვა პარტიის წესდების ასლი და პარტიის ამონაწერი, რაც საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პირი არ იყო უფლებამოსილი თავმჯდომარე, პარტიის ამონაწერში არ მოხდა პარტიის თავმჯდომარის სახელისა და გვარის მითითება. 2016 წლის 30 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილმა წარმოადგინა 2016 წლის 29 მაისის პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და მოითხოვა ახალი მონაცემების რეგისტრაცია: რიგგარეშე ყრილობის ოქმის თანახმად, პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი და პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ირაკლი ჩუბინიძე, დავით ხაჩიშვილი.

საჯარო რეესტრმა განიხილა დოკუმენტაცია და 2016 წლის 2 ივნისს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს, საჯარო რეესტრმა შეაჩერა წარმოება და პარტიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. 2016 წლის 30 ივნისს, თეიმურაზ ხაჩიშვილმა წარმოადგინა განცხადება-საჩივარი და განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი არ უნდა შესულიყო უკვე რეგისტრირებული პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმის განხილვაში, მას ცნობად უნდა მიეღო აღნიშნული ოქმი და გაეცა სარეგისტრაციო მოწმობა" - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თეიმურაზ ხაჩიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა.

"შესაბამისად, 2016 წლის 1 აგვისტოს, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2016 წლის 10 აგვისტოს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასწრების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შენობაში გამოცხადდა მოქ. ვლადიმერ ბედუკაძე და განმარტა, რომ ის იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნოდ რეგისტრირებული პარტიის „ცენტრისტები" წარმომადგენელი. ვინაიდან, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, პარტიას არ ჰყავს ხელმძღვანელობა და არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, და ვინაიდან ვერც მოცემული მოქალაქე იქნებოდა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წინაშე, მოქალაქე არ იქნა დაშვებული სხდომაზე, რის შედეგადაც მან დატოვა სამინისტროს შენობა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ყველასათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას „ცენტრისტები", მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ოფიციალური მონაცემებით, არ ჰყავს და 2006 წლიდან არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი" - აცხადებს საჯარო რეესტრი.

ცნობისთვის, პარტია ცენტრისტებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს სამართლიანი არჩევნები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის გარდა, პრორუსული საარჩევნო ვიდეორგოლის გამო, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

კომენტარები