ცენტრისტები

ენმ: უმცირესობის ყველა წევრი ხელს ვაწერთ სარჩელს პარტია ცენტრისტების აკრძალვაზე

გიორგი კანდელაკი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ენმ-მ საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა იმისათვის, რომ პარტია "ცენტრისტების" აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდეს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა ამ შინაარსის სარჩელი და ვუერთდებით. ნაციონალური მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის პრაქტიკულად ყველა წევრი ხელს აწერს ამ სარჩელს, რაც საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ეს სარჩელი დღეს შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და დაიძრას პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოსული ამ პოლიტიკური ძალის ასაკრძალად, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან",- თქვა კანდელაკმა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ცენტრისტების საქმიანობის აკრძალვაზე საკონსტიტუციო სარჩელი რესპუბლიკურმა პარტიამაც მოამზადა.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა. პარტიის პირველი დაპირებაა - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება.

სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

ამის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოში ცენტრისტების რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვს.

ვლადიმერ ბედუკაძის პარტია "ცენტრისტების" შესახებ სპეციალური განცხადებასაქართველოს პრემიერმაც გაავრცელა. სამპუნქტიანი მიმართვით, გიორგი კვირიკაშვილი მედიას მოუწოდებს, არ გახდეს ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის მსხვერპლი და ტირაჟირებამდე თავად განსაჯონ ამა თუ იმ მიმართვის შინაარსი. პრემიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ქვეყანაში არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა.

კომენტარები