ცენტრისტები

ეროვნული კომისია: GPB უფასო საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება არ ჰქონდა

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის განთავსების და შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის თაობაზე განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლო განთავსების მიზნით საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება 19 აგვისტომდე არ ჰქონდა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს წინასაარჩვენო რეკლამის უსასყიდლო განთავსების მიზნით საეთერო დროის გამოყოფის ვალდებულება მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არჩვნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან, 2016 წლის 19 აგვისტოდან წარმოექმნება, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იყო უფასო საეთერო დრო საარჩევნო სუბიექტებისთვის აღნიშნულ თარიღამდეც გამოეყო. "- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს გაცხადებულ პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების საარჩევნო რეკლამაში არსებულ დარღვევაზე რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

"საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში. მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხიმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა." - ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. 

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება უკვე შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გავიდა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა. 

კომენტარები