ცენტრისტები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ბედუკაძის პარტია სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
Levan Gokadze / Wikipedia

ვლადიმერ ბედუკაძის პარტია "ცენტრისტები" საქართველოს კონსტიტუციის პირველივე წინადადებას ეწინააღმდეგება, ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გააკეთა. კოჟორიძის თქმით, პარტიის დაპირება საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონების შესახებ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამოუკიდებელი ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა. კოჟორიძე ამბობს, რომ სიტყვის და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა ორივე თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, ბედუკაძის პარტია, კი სწორედ ასეთია.

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ ერთიანობას და მიუღებლობას, რაც საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსირა ამ კლიპის წინააღმდეგ.  ქართული საზოგადოების პოზიცია მიანიშნებს, რომ ჩვენ სწორად გვაქვს გააზრებული ერთის მხრივ სიტყვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება და მეორეს მხრივ ეს არ არის შეუზღუდავი და განსაკუთრებულ შემთხვევაში ის შეიძლება შეიზღუდოს. მოცემული შემთხვევა სწორედ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციის პირველივე წინადადება ამბობს იმას, რომ საქართველო დამოუკიდებელი ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფოა და როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ამბობს იმას, რომ დააკანონებს საქართველოში საოკუპაციო ჯარებს ეს არის სახელმწიფოს, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პოზიცია", - ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე.

ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს საპარლამენტო უმრავლესობაც, ასევე,არასამთავრობო სექტორი

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვლადიმერ ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რეკლამის ეთერში გაშვება უკვე შეაჩერა. როგორც GPB-ის განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებელი ხედავს საფრთხეს, რომ აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის შინაარსი შეიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებს და შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

კომენტარები