რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

სახ. დეპ: აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის, სანამ არ შეწყდება ყირიმის ოკუპაცია

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ელისაბედ ტრუდომ ოფიციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ მანამ არ მოუხსნის სანქციებს რუსეთს, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ყირიმის ოკუპაციას.

"ჩვენი შეხედულება ყირიმზე ცნობილია. ყირიმი არის და ყოველთვის იქნება უკრაინის ნაწილი. ჩვენ ვგმობთ და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია. ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება მანამ, სანამ რუსეთი ნახევარკუნძულს უკრაინას არ დაუბრუნებს", - თქვა ელისაბედ ტრუდომ.

ცნობისათვის, გუშინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინული მხარის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელებული სამხედრო იერიშის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, სამხედრო იერიშს რუსი სამხედრო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ემსხვერპლნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ქმედებებს "სისულელე და კრიმინალი" უწოდა. მისი თქმით, უკრაინის ქმედებების საპასუხოდ რუსეთი დამატებით თავდაცვის ზომებს მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის ბრალდებებს, უკრაინის მიერ ყირიმში ტერაქტების მზადების შესახებ, "აბსურდული" უწოდა და თქვა, რომ ეს განცხადებები უკრაინის წინააღმდეგ ახალი მუქარების შესავალია.

კომენტარები