საკონსტიტუციო სასამართლო

კახიძე ბესელია-ვოლსკის ბრიფინგზე: უტიფრობაა ენმ-ის დადანაშაულება გარიგებაში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე უმრავლესობის დეპუტატების ეკა ბესელიას და გია ვოლსკის განცხადებებს უტიფრობად აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ იერიში მიიტანა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეებზე. ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატებმა ენმ საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

"ხელისუფლება არის აგონიაში. მას უკვე წარმოდგენილი აქვს არჩევნებში დამარცხება და უნდა რუსთავი 2-ის ჩახშობა. ამავე დროს, ხელისუფლებას სურს, რომ პოლიტიკური პატიმრები განუსაზღვრელი ვადით ჰყავდეს ციხეში. ამაში ხელს უშლით კონსტიტუციური უფლებების მთავარი გარანტი საკონსტიტუციო სასამართლო. ეს არის იერიში, რომელიც სასამართლოზე მიიტანეს, განსხვავებით საერთო სასამართლოებისა, სადაც იპოვეს მათ პირობითი ურთმელიძე, შემდეგ პირობითი ნაზღაიძე და ახლა უკვე ეძებენ პირობით ასევე ურთმელიძეს უზენაეს სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში არის 9 მოსამართლე და იძულებული გახდნენ, რომ იერიში მიეტანათ კონკრეტულ მოსამართლეებზე. ეს არის უტიფარი ბრალდება. როდესაც ცვლიან კანონს და შედგომ, მათ მიერ ჩანერგილი მოსამართლე მერაბ ტურავა თავიდან აწყებინებს საქმის განხილვას სასამართლოს, როდესაც 4 მოსამართლე შუამდგომლობს, რომ პროკურატურას გადავცეთ უფლება, ამ დროს ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება გარიგებაში არის უტიფარი განცხადება. მე სხვანაირად ამას ვერ შევაფასებ", - აცხადებს ოთო კახიძე.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დღევანდელ ბრიფინგზე დაადანაშაულეს. გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი დამატებული სარჩელის მოთხოვნით მომხდარიყო სწორედ იმ ნორმების გაუქმება, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას. სწორედ ამიტომაც იკვეთება, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელების შეცვლა. ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული, ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე, რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება. კონკრეტულად, იკვეთება ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან და ძალიან ახლო კავშირი სწორედ მათ შორის, ბატონ გვარამიასთან. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმაც. მისი მტკიცებითაც, "შემოსულ სარჩელზე წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები პირველ კოლეგიაში და შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად". დეპუტატის თქმით, იკვეთება მოსამართლეების თანამშრომლობა სარჩელის შემომტან პოლიტიკურ ფიგურებთან.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ბოლო პერიოდის მანძილზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები შეიცვალა.

"იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა", - ამბობს ტურავა.

კომენტარები