ინფლაცია

მეხუთე თვეა, რაც ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის სამიზნე 5%-ზე ნაკლებია

საქსტატი

უკვე მეხუთე თვეა, რაც ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის სამიზნე 5%-ზე დაბლაა. საქსტატის მონაცემებით, ივლისში ინფლაციამ 1.5% შეადგინა. ივნისში წლიური ინფლაცია 1.1%, მაისში კი 2.1% იყო. 

ივლისში არსებული დაბალი ინფლაცია რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საწვავის გაიაფებაა, რის გამოც წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის სექტორში არსებული ფასები 8.6%-ით არის შემცირებული. წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად არ არის გაზრდილი სურსათის ფასები, აქ წინა წელთან შედარებით ზრდა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით, ფასების 0.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში, ასევე მცირედით, 1%-ით არის გაზრდილი საცხოვრებელი სახლის მოვლისა და ავეჯის ღირებულება.

შედარებით მაღალი ინფლაცია კი ფიქსირდება თამბაქოსა და ალკოჰოლის ნაწარმზე. ამ ჯგუფში საქონელის ღირებულება წინა წელთან შედარებით 13%-ითაა გაზრდილი, რაც ამ პროდუქტებზე აქციზის (ადვალური) გადასახადის ზრდას უკავშირდება. ასევე წინა წელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურების ღირებულება. 

ეროვნული ბანკის მიზანს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს, შესაბამისად, ინფლაციის კონტროლი მას ევალება. ეროვნული ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და ამ ინფლაციის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს ზრდის ან ამცირებს. თუმცა, დღეისთვის მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულია, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება. ბანკმა 2015 წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა, ლარის გამყარებისა და დაბალი ინფლაციის გამო კი გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით 6.75%-მდე შეამცირა. ბანკი ამ მაჩვენებელს წლის ბოლომდე დაახლოებით 6%-მდე შეამცირებს.

2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%. 

კომენტარები