საკონსტიტუციო სასამართლო

ფაფიაშვილი: თუ ვითარება არ ჩაცხრება, მოგვიწევს მეტი ინფორმაციის გამომჟღავნება

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, "ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქე იმის მიუხედავად ცნობადია, თუ არ არის ცნობადი". ტაბულამ სიჭინავას შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ვენეციის კომისია საქმეების განხილვის ქრონოლოგიას სოციალური და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ადგენს. კითხვაზე, „რითი ხელმძღვანელობთ ის მოსამართლეები, რომლებსაც საქმეების განხილვასთან და თანმიმდევრობასთან შენიშვნები გქონდათ", ფაფიაშვილი პასუხობს, რომ "ევროსასამართლოს სტანდარტის შემთხვევაში, იქ დიფერენცირებულია უფლებები და იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გარდაუვალი დარღვევაა, სიმწვავიდან გამომდინარე ხდება რიგითობის ჩანაცვლება". მისი თქმით, "ჩვენს შემთხვევაში, საკითხი იდგა ძალიან მარტივად".

"საუბარია იმაზე, რომ ერთსა და იმავე საქმეს კოლეგია იხილავს შვიდი თვის ფორმატში და პლენუმზე გადმოცემის შემთხვევაში მოსამართლეებისგან იგივე სირთულის საქმის განხილვას ითხოვ ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში, პრაქტიკულად 2 კვირის განმავლობაში. ამ ეტაპზე უბრალოდ მეტ დეტალზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ვითარება არ ჩაცხრება, მოგვიწევს მეტი ინფორმაციის გამომჟღავნება, რაც უკავშირდება, მათ შორის, სასამართლოს ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე პოტენციურად განხორციელებული ზეწოლის საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ერთი და იგივე უფლებასთან მიმართებით ცნობადი და არაცნობადი [საქმეები]... სოციალურ-პოლიტიკური მიზანშეწონილობა ის კატეგორიაა, რომლის გამოც ერთი პირი სხვა პირზე წინ უნდა დავაყენოთ? რა კონტექსტს დებთ სოციალურ-პოლიტიკურ მიზანშეწონილობაში, ცნობადობას? პოლიტიკური კონტექსტი შეიძლება ნებისმიერ სხვა საქმეს ჰქონდეს და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ეხება პრიორიტეტულობას, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად შეუქცევადი შეიძლება იყოს პოტენციურად უფლების დარღვევა ან უფლების შეზღუდვის კონკრეტული კატეგორიისთვის მიყენებული კონკრეტული ზიანი. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერი მოქალაქე იმის მიუხედავად ცნობადია, თუ არ არის ცნობადი. ჩვენ არ ვართ ის სასამართლო, რომელიც იხილავს გარკვეული პირების ინდივიდუალურ საქმეებს. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც საქმე აქვს ნორმასთან, ვიხილავთ მის კონსტიტუციურობას, შესაბამისად, ეს პროცესი ბევრად უფრო ხანგრძლივია, ვინაიდან ბევრი კომპონენტის, ბევრი ასპექტის გათვალისწინებას საჭიროებს და ჩვენი გადაწყვეტილებით იდება სტანდარტი, რომლის დაძლევაც, მათ შორის პარლამენტსაც არ შეუძლია. ამ გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებით ბევრად უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე საერთო სასამართლოების შემთხვევაში. სადაც დაშვებული შეცდომა შესაძლებელია ზემდგომმა ინსტანციამ გამოასწოროს" - აცხადებს ფაფიაშვილი.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ "კონსტიტუციის დამცველის როლი საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში განსაკუთრებით საჭიროს ხდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხანდახან მხედველობაში მიიღოს სხვა მოსაზრებები, გარდა წმინდა ქრონოლოგიური მიმდევრობა, მათ შორის საქმის ბუნება და მისი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობა".

ვენეციის კომისია კი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ამბობს - "ნებისმიერი იძულება ან ვალდებულება, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარიმართოს ქრონოლოგიურად, შესაძლოა არღვევდეს ევროპულ სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს და დაასრულოს მსჯელობა ზოგიერთ საქმეზე უფრო ადრე, ვიდრე სხვაზე".

საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა - ზაზა თავაძემ, ლალი ფაფიაშვილმა, თამაზ ცაბუტაშვილმა, ოთარ სიჭინავამ და მერაბ ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართეს. წერილის მიხედვით, მოსამართლეები აპროტესტებენ ზოგიერთი საქმის "დაჩქარებული ტემპით" განხილვას, მაშინ, როდესაც უფრო ადრე შესულ საქმეებზე, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი ორის, გიგი უგულავას და ე.წ კაბელების სარჩელების განხილვა "უპრეცედენტოდ მყისიერად".

კომენტარები