საკონსტიტუციო სასამართლო

მმართველი გუნდისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობა 2012 წლიდან დღემდე

საკონსტიტუციო სასამართლო

21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ცალკეული მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართულ ზეწოლაზე ისაუბრა. მისი განცხადების შეფასება არ დააყოვნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პაპუაშვილი სკანდალის მოწყობის სურვილსა და, საერთოდ, სიცრუეში დაადანაშაულეს.

ეს მმართველი გუნდისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დაძაბული ურთიერთობების ამსახველი მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია.

თუმცა, არსებული ხელისუფლების პირობებშიც კი, იყო დრო, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, სასამართლო სისტემის ამ მნიშვნელოვანი წარმომადგენლის მიმართ კეთილად იყვნენ განწყობილები. სიმპათიები მის მიმართ 2013 წლის ივნისში თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა და იგი საერთო სასამართლოებისგან სწორედ უკეთესობის ნიშნით გამოარჩია:

“მისასალმებელია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამორჩეულია ზოგადად და მან მოახერხა უფრო სუფთად და კითხვების გარეშე დარჩენილიყო, რაც არსებობდა საზოგადოებაში სასამართლოსადმი ზოგადად”.

მეტიც, ყოფილმა პრემიერმა პირადად პაპუაშვილს გადაუხადა მადლობა სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არსებული ნდობის დამსახურებისთვის:

“ამ მხრივ მისასალმებელია და მადლობა შეიძლება გადავუხადოთ ბატონ გიორგის (პაპუაშვილს), რამეთუ მისი ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში ეს ფუძნდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პრაქტიკულად შეკითხვები არ არსებობს და პოზიტივის გარდა საზოგადოებაში ვერაფერს ვერ მოისმენ, ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა”. (წყარო)

“საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში იყო წლების მანძილზე და ამჟამადაც არის ის სასამართლო, რომელიც ყველაზე მეტად დარჩა განზე პოლიტიკური პროცესებისგან”, - ამგვარად შეაქო და ყოფილი თუ არსებული ხელისუფლებების მმართველობის პირობებში გაწეული სამუშაო მოუწონა მას იუსტიციის მინისტრმა.

თუმცა, იდილია საკონსტიტიტუციო სასამართლოს მიერ ხელისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებულმა პირველსავე გადაწყვეტილებამ შეიწირა.

განხეთქილების მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებით მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებდა პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

გადაწყვეტილების გამოცხადებას მალევე მოჰყვა მოსამართლეების კრიტიკა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. უმრავლესობის წევრმა, ელისო ჩაფიძემ, გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი წინა ხელისუფლებას დაუკავშირა.

მალევე საკონსტიტუციო სასამართლოს ეზო უნებლიეთ რეგულარული მანიფესტაციების მასპინძელი გახდა. ამგვარ აქციებზე ხშირად ისმოდა მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართული მუქარები და მოწოდებები ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ. მომიტინგეებმა რამდენჯერმე დააზიანეს სასამართლოს კუთვნილებაში არსებული ინფრასტრუქტურა, თუმცა მათ ამ ქმედებებს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია. საბოლოოდ მანიფესტანტებს კონკრეტული მოთხოვნა გაუჩნდათ - პაპუაშვილის საცხოვრებელი ბინის ყოფილი მფლობელისთვის დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი მან წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფოსგან მიიღო, მანამდე კი ის ასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა.

ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა 2015 წლის სექტემბერში უკანასკნელის მიერ გიგი უგულავას სარჩელის ნაწილობრივმა დაკმაყოფილებამ. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

"16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტიოლების შემდეგ გახშირდა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც გამოიხატება შეკრებებში სახლებთან და განცხადებებში ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მოვუწოდებ სამართალდამცავებს დროულად და ადეკვატურად მოახდინონ რეაგირება", - უკვე 18 სექტემბერს განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

მის განცხადებას კვლავ არ მოჰყოლია რეაგირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მოწოდება, დაცული იქნეს მოსამართლეების და მათი ოჯახების პირადი სივრცე, არ გაითვალისწინა. პირიქით, მომიტინგეთა ქმედებები იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროდ შეაფასეს. საპასუხოდ, პაპუაშვილმა იუსტიციის მინისტრისგან მხოლოდ უკანასკნელ საქმესთან დაკავშირებული “პროცედურული დარღვევების მთელი კასკადის” არსებობის შესახებ ბრალდების მიღება შეძლო.

უგულავას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აქტუალური იყო, როდესაც ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედი. მან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც პარლამენტმა ეროვნულ ბანკს ერთ-ერთი საკვანძო, საბანკო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება ჩამოართვა. გადაწყვეტილებას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ეს მოსალოდნელიც იყო ირაკლი ქადაგიძისთვის წინა ხელისუფლებასთან “კავშირის” გამო უფლებამოსილების შეზღუდვის მათი დაუფარავი ინტერესის გათვალისწინებით.

2015 წლის 13 ნოემბერს სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე სადავო ნორმის შეჩერება გარდამტეხი აღმოჩნდა ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობაში. იუსტიციის მინისტრმა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმღებ ამ კოლეგიას “მიკერძოებული” უწოდა, რადგან, მისი თქმით, “იქ სხედან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები”. ხელისუფლება ქმედებაზე გადავიდა და თეა წულუკიანის პირით სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის რეფორმირება დააანონსა.

რეფორმის დაანონსებიდან ერთი თვის შემდეგ, მომიტინგეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2015 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინა ყოფილი მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა.

2016 წლის იანვარში იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის კონკრეტულ მიმართულებებს ფარდა ახადა:

“საკონსტიტუციო სასამართლო ვეღარ შეძლებს, რომ ზეწოლა განახორციელოს თავის რომელიმე წევრზე, რომელსაც უბრალოდ სჭირდება დრო, რომ განსხვავებული აზრი შეადგინოს. ვეღარ შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო იმას, რომ არ მიაქციოს ყურადღება, რას ფიქრობს უმცირესობაში დარჩენილი მისივე მოსამართლე. გვერდი აუაროს საკანონმდებლო მაცნეს, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილება და იძახოს, რომ ეს არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო. და სამუდამოდ, მაგალითად, რომელიმე საკონსტიტუციო მოსამართლემ გაიხანგრძლივოს თავის ვადა ხელოვნურად - ვერც ამას ვერ შეძლებს”.

და ამ განცხადებით, პრინციპში დაადასტურა, რომ რეფორმა მოტივირებულია გიგი უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, და მასში გათვალისწინებულია “პროცედურული დარღვევების ის კასკადი”, რომლისთვისაც წულუკიანმა სასამართლო თავის დროზე გააკრიტიკა. მაგალითად, ამ კასკადიდანაა ის, რომ სასამართლო მერაბ ტურავას გამოჯანმრთელებას არ დაელოდა და გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა მოსამართლეს საავადმყოფოში მოუხდა. მინისტრმა პროცედურულ დარღვევად ის ფაქტიც შეაფასა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე შევიდა ძალაში.

29 თებერვალს გიორგი პაპუაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, მისი სიტყვებით: “მან (თეა წულუკიანმა) კულუარული შემოთავაზებაც გაგვიკეთა, რომ მე და კიდევ ერთ წევრს გაგვიგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობა, თუკი ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლობდით ხელისუფლებასთან და მოგვარდებოდა ე.წ. პირადი პრობლემები, რომლებიც თვითონ ხელოვნურად შექმნეს (აქ შეიძლება იგულისხმებოდეს პაპუაშვილის ბინის საკითხი)”. არასამთავრობო სექტორის მოწოდებას, პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულიყო გამოძიება, პროკურატურის სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა დაიწყო მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე. აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანის განცხადებებმა განხორციელება სწორედ პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ჰპოვეს. კანონმდებლებმა გაითვალისწინეს ნორმის ძალაში შესვლისთვის მისი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების და ასევე უმცირესობაში მყოფი მოსამართლის გავლენის მნიშვნელოვნად გაზრდის საკითხი. უკანასკნელი უზრუნველყოფილი იქნებოდა სადავო ნორმის შეჩერებისთვის მოსამართლეთა სრული შემადგენლობის თანხმობის საჭიროებითა და გადაწყვეტილების მიღების კვორუმის ნახევრიდან ⅔-ზე გაზრდით.

მოცემული კანონპროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, მას პრეზიდენტმა ვეტოც კი დაადო. თუმცა ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასააჩივრების მაგივრად, რითიც ამ ინსტიტუციას მისცემდა საშუალებას თავად ემსჯელა საკუთარ ბედზე, მან პარლამენტთან საერთო ენის გამონახვა არჩია. საბოლოოდ პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაითვალისწინა და მიიღო ცვლილებები. თუმცა კომპრომისულ ვარიანტში ძალაში დარჩა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის 10-წლიანი ვადის ავტომატური შეწყვეტა, ერთი მოსამართლის მიერ საქმის პლენუმზე გადაცემის წესი, პლენუმის სხდომის გამართვის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა, ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებული პროცედურების გართულება. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, სწორედ ეს ცვლილებები იძლეოდა სასამართლოს მუშაობის პარალიზების საშუალებას. შედეგად, გაკეთებული ცვლილებების შესახებ მსჯელობის საშუალება სასამართლოს 13 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მისცა. კოალიციის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა სრულად გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები, თავად პრეზიდენტის მოსაზრებებიც მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად ასახავდა პრობლემურ საკითხებს.

გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლა, რომელიც მის და საკონსტიტუციოს სხვა მოსამართლეების წინააღმდეგ იყო მიმართული, განხილვაში მყოფ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს დაუკავშირა.

ცნობისთვის, სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსის 14 ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რომლებიც ეხება გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა. სწორედ ამ ნორმების საფუძველზე პატიმრობა შეეფარდათ თბილისის ყოფილ მერსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს (ე.წ. კაბელების საქმე).

აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სათათბიროდ არის გასული რუსთავი 2-ის სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოსარჩელე სადავოდ ხდის "ამორალური გარიგების შესახებ" სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობას. ეს სწორედ ის მუხლებია, რომლებზე დაყრდნობითაც ჯერ საქალაქო, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ თავისი წილის გასხვისება ამორალურ გარიგებად და, შესაბამისად, უკანონო ქმედებად გამოაცხადა და იგი რუსთავი 2-ის კანონიერ მესაკუთრედ აღიარა.

კომენტარები