ხანძარი

ხანძარს, ერთდროულად, რამდენიმე ქვეყანაში ებრძვიან

Getty Images

გუშინ ღამე, ლონდონში, ბატერსის რეგიონში Clapham Junction-ის სარკინიგზო სადგურთან ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა. ლონდონის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, ამ ეტაპზე ცეცხლი კონტროლირებადია. რკინიგზასთან გაჩენილი ხანძრის გამო გუშინ ღამით, მატარებლების რეისები 6 საათით გადაიდო, თუმცა ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია.

ხანძარი გაჩნდა აშშ-იც, დასავლეთ ვირჯინიაში შერვუდის ტბასთან. დაიწვა დაახლოებით 78 აკრი. ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 375 მეხანძრე მუშაობს. მათი თქმით, ცეცხლის გაკონტროლება უკვე შესაძლებელი ხდება.

10 სახლი და 2 სახანძრო მანქანა დაიწვა ნიუ მექსიკოს შტატში, ქალაქ ალამოგორდოს ერთ-ერთ რეგიონში. მაშველები ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

ესპანეთის ქალაქ კადიზში გუშინ გაჩენილი ხანძარი მეხანძრეების ათეულობით ბრიგადისა და ვერტმფრენების საშუალებით გაანეიტრალეს. ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. მის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო. ტყესთან ახლო მდებარე სასტუმრო ალდიანადან მაშველებმა 425 სტუმრის ევაკუაცია მოახდინეს. მათი ძირითადი ნაწილი ბრიტანელები და გერმანელები იყვნენ. დამატებით 180 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო იქვე მდებარე ჰოსტელიდან. ამ ეტაპზე ცეცხლის ძირითადი კერა ჩამქრალია და სიტუაცია კონტროლქვეშაა აყვანილი.

ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის თქმით, ცეცხლი მიტოვებულ შენობას გაუჩნდა. ამ ეტაპზე მაშველები ცდილობენ, ცეცხლის კონტროლი მოახერხონ.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არცერთ შემთხვევაში არ გავრცელებულა.

კომენტარები