გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

ზაქარეიშვილი ოთხოზორიაზე: დამნაშავეს აპატიმრებენ იმიტომაც, რომ იყოს დაცული

პაატა ზაქარეიშვილი
ტაბულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ სამხედრო პროკურატურის შუამდგომლობას გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებით  მოხდა ოთხოზორიას მკვლელობაზე რეაგირება.

"დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მათ შორის, აფხაზურ საზოგადოებაში. გულახდილად გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და ვინც არ უნდა დაიბრალოს, პირველ რიგში აფხაზური საზოგადოების გადაწყვეტილებაა ეს, რომ რაღაცნაირად ამ მკვლელობის მიმართ მომხდარიყო გარკვეული რეაგირება. ეს დანამდვილებით ვიცი და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, თუმცა, სხვა ძალიან ბევრი ინსტიტუტიც მუშაობდა ამ მიმართულებით. ფორმულირება ძალიან ბუნდოვანია. რაც მთავარია, დადასტურებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან ოფიციალური მხრიდან არ იყო დასტური, არსებობდა საფუძველი, რომ შეიძლება სხვა მიმართულებით წასულიყო გამოძიება, მაგრამ დადასტურდა გვარი. ე.წ სამხედრო პროკურატურა თვლის, რომ ეს პირი უნდა დაპატიმრებულიყო. პირდაპირ აქვს მითითებული ე.წ სასამართლოს მიმართვაში, რომ უნდა იყოს დაპატიმრებული. ახლა უკვე სასამართლოზეა გადაწყვეტილება დამოკიდებული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ რთული ვითარებაა და ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ვთქვათ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,- ამბობს ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, „დამნაშავეს აპატიმრებენ იმისთვისაც“, რომ ის საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან იყოს დაცული.

"ნებისმიერ შემთხვევაში, 25 წელია  ამ პროცესებში ვარ ჩართული და ყველამ ვიცით, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ის, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღძრულიყო საქმე, არ მომხდარა - არანაირი ფორმულირებით არ აღძრულა საქმე. საჭიროა ვიყოთ ყურადღებით, მოთმინებით და არ მოვაკლოთ ზემოქმედება, გავლენები, ასევე გავითვალისწინოთ აფხაზურ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რომლებიც აშკარად იცვლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... როცა დამნაშავეს აპატიმრებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ სივრცეში, აპატიმრებენ არამარტო იმისთვის, რომ იგი დამნაშავეა, არამედ იმიტომაც, რომ დაცულიც იყოს და მის მიმართ გარკვეული საზოგადოების მხრიდან ზემოქმედება არ განხორციელდეს. პატიმრობაში აყვანა არ არის მარტო ერთი მხარის ინტერესების რეალიზაცია. ეჭვმიტანილი შეიძლება საერთოდაც არ იყოს დამნაშავე, მაგრამ საზოგადოებაში არსებობდეს ინფორმაცია, რომ ის არის დამნაშავე, ამიტომ, ხდება გარკვეულწილად მისი დაპატიმრება, რათა იყოს დაცული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მოსაზრება, როგორც მოსაზრება და მეტი არაფერი, მოსაზრება არის უნივერსალური და ნებისმიერ ეჭვმიტანილზე ვრცელდება, სადაც არ უნდა ხდებოდეს მისი დაკავება. თბილისშიც რომ მოხდეს მსგავსი რამ, ვიტყვით, რომ ის დასაკავებელია იმიტომ, რომ დაცული იყოს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც შეიძლება სხვანაირად აფასებდეს ამა თუ იმ მოვლენას“,- თქვა ზაქარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. საინფორმაციო სააგენტო ABKHAZINFORM-ი აფხაზეთის ე.წ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რაშიდ კანჯი ოღლის მხოლოდ შინაპატიმრობა შეეფარდა.

2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ. მესაზღვრემ სოფელ ხურჩაში მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაშიდ კანჯის ბრალი დე-ფაქტო აფხაზეთმაც განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

 

კომენტარები