წამების კადრები

ჯეჯელავა: რუსთავში აჩვენეს უვნებელი კადრები კონგრესიდან და მის ფონზე - ძალადობა

ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, რუსთავის მე-2 სკოლაში მოსწავლეებისთვის ე.წ წამების კადრები არ უჩვენებიათ. მისი ინფორმაციით, მე-11 კლასელებს აჩვენეს "აბსოლუტურად უვნებელი კადრები მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან და იმ კადრების ფონზე ჩანდა, აი, ეს სხვა კადრები, 26 მაისის და 7 ნოემბრის ძალადობა". ჯეჯელავამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა პოლიტიკის დროში აღნიშნა, რომ ფსიქოლოგების დასკვნას ელოდებიან.

"სკოლის სიტუაცია არის გამოკვლეული, წამების ამსახველი ვიდეო მასალა იქ არ იყო ნაჩვენები. იქ იყო ძალიან სამწუხარო კადრები 26 მაისის, 7 ნოემბრის ძალადობა. ახლა ჩვენ ველოდებით ფსიქოლოგების დასკვნას, რამდენად შესაფერისი იყო ასაკობრივი ჯგუფისთვის, იქ იყვნენ მე 11 კლასელები, ეს ინფორმაცია გვაქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს კადრები კი არ უჩვენებიათ, უჩვენეს აბსოლუტურად უვნებელი კადრები მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან და იმ კადრების ფონზე ჩანდა აი, ეს სხვა კადრები. ამიტომ ეს დაუშვებელია, ბავშვებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ - რას ვაჩვენებთ და რაზე ვლაპარაკობთ, თუმცა, ეს პრობლემა მედიასივრცესაც შეეხება. ეს კადრები დღის საათებში არაერთ მედიას აქვს ნაჩვენები" - თქვა ჯეჯელავამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 9 ივნისს, რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

კომენტარები