წამების კადრები

კვირიკაშვილი: კადრების საჯარო ჩვენებას ჩემი პრემიერობის პირობებში ვეღარ ნახავთ

Wictor Dabkowski / Zuma Wire

"წამების კადრების საჯარო ჩვენებას თქვენ ვეღარ ნახავთ იმ პირობებში, როდესაც მე გახლავართ პრემიერმინისტრი. ამის პირობას მე გაძლევთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის შეკითხვას. ჩერგოლეიშვილმა მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე პრემიერს ჰკითხა, თუ გადაამოწმა ინფორმაცია, რომ წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ მოაწყო. 

"მე მოვიკითხე, თუ არსებობდა ასეთი მონაცემები [გურიის გუბერნატორის უშუალო მონაწილეობის]. ასეთი მონაცემები, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა ამ კადრების ჩვენებაში, მე ვერ მოვიძიე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკადრო ცვლილებები აქამდეც იყო და მომავალშიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი ცვლილებები. თუ დადასტურდება ის, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა წამების კადრების საჯარო ჩვენების ორგანიზებას, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მე ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ" - თქვა პრემიერმა.

ტაბულას დირექტორმა შეახსენა, რომ წამების კადრების სალუქვაძის ორგანიზაციის მიერ საჯარო ჩვენება დადასტურებული ფაქტია.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის ეს არის ამაზრზენი ფაქტი. არამარტო ეს კადრები. ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენი ფაქტია და კიდევ უფრო შემაშფოთებელია ჩვენი ოპონენტების ლიდერის განცხადება, რომ ისინი რომ საჯაროდ არ აჩვენებდნენ ამ კადრებს, ეს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ მათ მოეხსნათ საერთოდ ეს [პასუხისმგებლობა]. ძალიან დიდი საშინელებაა, რომ ეს კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, რომ ღია სივრცეში ეს კადრები ვაჩვენოთ. მე ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ის, რომ დღეს ჩვენი უშიშროება 24 საათის განმავლობაში მორიგეობს, რომ ეს კადრები სადმე არ გამოჩნდეს და ღამე იქნება თუ დღე იქნება თუ გამოჩნდება დაბლოკონ მაშინვე, ეს თავისთავად არის მარაზმი. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ვიმყოფებით იმ რეალობაში, რომ ამ კადრების გავრცელება მოესწრო და ჩვენ ეს გამოწვევა დღეს გვაქვს. ამ კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი დადებითი პოზიტიური დღის წესრიგი შეცვალონ და გადაიტანონ ყურადღება ისეთ რაღაცებზე, რაც არის ამაზრზენი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავამკვიდრებთ უფრო მაღალ სტანდარტს და ეს სტანდარტი იქნება გაცილებით უფრო მეტი პატივისცემა ჩვენი თანამოქალაქეების, გაცილებით უფრო მკაფიო წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაიკვეთოს არავითარ შემთხვევაში და ასეთ საჯარო ჩვენებას თქვენ ვეღარ ნახავთ იმ პირობებში, როდესაც მე გახლავართ პრემიერმინისტრი. ამის პირობას მე გაძლევთ" - თქვა კვირიკაშვილმა.

კომენტარები