წამების კადრები

კალაძე: კატასტროფაა ბავშვებს აყურებინო ციხეებში ადამიანების გაუპატიურება

facebook.com/kakhakaladzeofficial

ვიცეპრემიერი კახა კალაძე რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში წამების კადრების ჩვენებას კატასტროფულ ფაქტად აფასებს. კალაძის თქმით, ამ ფაქტით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მომხდარი ფაქტი "გულუბრყვილო შეცდომა" იყო.

"ეს კატასტროფაა, თუ ეს მართლა ასე მოხდა, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდენენ, იმიტომ რომ ეს არის სრული კატასტროფა. როგორ შეიძლება ბავშვებს აყურებინო ის, რაც ცხრა წლის მანძილზე ხდებოდა ქვეყანაში, ეს კატასტროფა. აყურებინო ბავშვებს, თუ როგორ აუპატიურებდნენ ციხეებში ადამიანებს, როგორ უსწორდებოდნენ ყავარჯნიანი კაცებით მამაკაცებს და ასე შემდეგ, ეს არის სრული კატასტროფა და, შესაბამისად, ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები, რომ მოხდეს გარკვევა, თუ ვის მიერ იქნა ბავშვებისთვის ეს ნაჩვენები", - ამბობს კალაძე ტაბულას კითხვაზე.

განათლების მინისტრის თქმით კი, ასეთი ფაქტები სავარაუდოდ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. 

"რაც უფრო მოახლოვდება ალბათ არჩევნების პერიოდი, მით უფრო გაიზრდება ცდუნება ადამიანების მიერ, რომ გამოიყენონ სასკოლო სისტემა რაღაც მიზნებისთვის. გულუბრყვილო შეცდომასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩათვალა სკოლის ხელმძღვანელობამ და ორგანიზატორებმა, რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

კომენტარები