საქართველო-გერმანია

საქართველოს პრემიერი ხვალ გერმანიას ეწვევა

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი 15-16 ივნისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ– ვალტერ შტაინმაიერს, განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს იოჰანა ვანკას, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს.

„ფრიდრიხ ებერტის ფონდში საჯარო გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერმინისტრი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკაზე- ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს, თემაზე საქართველოს ევროპული გზა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და გერმანული ბიზნესწრეების წარმომადგენლები. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრება" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

კომენტარები