ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება. კანონპროექტს ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად 7 პარლამენტარის მხარდაჭერა იყო საჭირო.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლი უნდა დაემატოს, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – დაჯარიმდება 500 ლარით. იმავე ქმედების გამეორება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.





