კორცხელის ინციდენტი

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ პირებს, რომელთაც ხულიგნობას ედავებოდნენ, ზუგდიდის სასამართლომ გირაო შეუფარდა. კერძოდ, ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილსა და გრიგოლ ტყემალაძეს 7000-ლარიანი გირაო დაეკისრათ, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს - 10 000-ლარიანი. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

გირაოს შეფარდებას ბრალდების მხარე, პროკურატურა მოითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 239-ე მუხლი, რომლითაც მათ ბრალი წარედგინათ, თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

გიორგი გიგაურს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას, გრიგოლ ტყემალაძესა და გიორგი გოგიძეს ბრალად ედებოდათ ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები