საქართველოს მთავრობა

პრემიერმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა

კომერსანტი

საქართველოს პრემიერმინისტრმა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაააცვლებს. პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სანიკიძეს და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები ნამდვილად სახეზეა". მისივე თქმით, სანიკიძე ქართული ოცნების გუნდში რჩება და "ძალიან მალე გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".

"ალექსანდრე ჯეჯელავა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი. იგი გახლავთ კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ESM-ის ბიზნესსკოლა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების და განათლების სფეროში. ის დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე. ბატონ ალექსანდრეს გააჩნია ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ. მე ბოლო პერიოდის განმავლობაში მქონდა არაერთი დისკუსია და მსჯელობა მასთან ერთად და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მისი კანდიდატურა წარმედგინა განათლების მინისტრის პოსტზე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება განახლებული ხედვები, ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის. განათლების სფეროში დევს გასაღები ჩვენი მომავალი განვითარების. განათლების სფერო ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სფეროა დღეს ჩვენთვის. სწორედ განათლების მიმართულებასა და ჩვენი რეფორმების წარმატებებზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება და დინამიკა, რომელსაც ჩვენ შევქმნით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ერთიან გუნდად გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. მინდა, წარმატება ვუსურვო პირველ რიგში თამარ სანიკიძეს. ჩვენთან ერთად, ის გააგრძელებს ამ მიმართულებით, ოღონდ სხვა მანდატით უკვე საქმიანობას და მინდა, რა თქმა უნდა, წარმატება ვუსურვო სანდრო ჯეჯელავას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული შენამატი ჩვენი გუნდისთვის", - თქვა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები