აუდიტორია 115

განათლების სამინისტრო აუდიტორია 115-ს: ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა. უწყების განცხადებით, ერთობლივი მუშაობის შედეგად შეთანხმდნენ "იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში". განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი. უწყება დაინტერესებულ მხარეებს ხვალ, 27 მაისს, 10:00-ზე შეხვედრას სთავაზობს.

"შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს. ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას. გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება. მიღებული ინფომაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა.

ამასთან, სამინისტრო აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კანდიდატურები. ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აღნიშნული შეთანხმებები. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები.

დამკვიდრებული სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინისტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს 10 საათზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება" - აცხადებს განათლების უწყება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორი ოთახი აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს. მათ გვიან ღამით, ოთახიდან ინვენტარი გამოიტანეს და სასწავლო მაგიდები შეიტანეს. სტუდენტების განცხადებით, დღის განმავლობაში ამ ოთახებში საჯარო ლექციები გაიმართება. ოთახების დაკავება სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

აუდიტორია 115-მა აქციები გუშინ განაახლა. სტუდენტების განცხადებით, თვითმმართველობის წევრებმა მათ ერთ-ერთ წევრს ცოტნე ცხვედიანს სცემეს. ისინი ხელისუფლებისგან თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ.

კომენტარები