აუდიტორია 115

აუდიტორია 115-ის წევრებმა თვითმმართველობის ოთახები დაიკავეს

აუდიტორია 115

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორი ოთახი აუდიტორია 115-ის წევრებმა დაიკავეს. მათ გვიან ღამით, ოთახიდან ინვენტარი გამოიტანეს და სასწავლო მაგიდები შეიტანეს. სტუდენტების განცხადებით, დღის განმავლობაში ამ ოთახებში საჯარო ლექციები გაიმართება. ოთახების დაკავება სტუდენტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სტუდენტებს შეხვედრას სთავაზობს. უწყების განცხადებით, მათთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

"სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომელიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში. შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს;

ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას;

გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით, კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობიდან, სტუდენტების ორივე მხარეს ეთხოვა, გარკვეულ საკითხებზე წერილობით წარმოედგინათ პოზიციები, რომლის მიღების ვადა დღეს იწურება. მიღებული ინფომაციის განხილვის შედეგად დაგეგმილია კანონში ცვლილებების ასახვა.

ამასთან, სამინისტრო აიღო ვალდებულება, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით, შეექმნა რეფორმაზე მომუშავე პლატფორმა, რომლისთვისაც სტუდენტების ორივე მხარეს უნდა წარმოედგინა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კანდიდატურები. ამ ეტაპზე სამინისტრო სტუდენტების მხრიდან ელოდება კანდიდატების წარმოდგენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის გამო, სტუდენტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს აღნიშნული შეთანხმებები. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინციდენტის თაობაზე იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის ზომებს, რადგან დაუშვებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მსგავსი ქმედებები.

დამკვიდრებული სამუშაო ფორმატიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სტუდენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. ყველა დაინტერესებულ მხარეს კვლავ ვთავაზობთ დაუბრუნდნენ სამუშაო რეჟიმს. სამინისტრო მზად არის სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად და 27 მაისს 10:00-ზე ყველა დაინტერესებულ მხარეს ღია ფორმატის საერთო შეხვედრას სთავაზობს, სადაც შეჯერდება დღემდე მიღწეული შედეგები და მომდევნო ნაბიჯები განისაზღვრება", - აცხადებს უწყება.

აუდიტორია 115-მა აქციები გუშინ განაახლა. სტუდენტების განცხადებით, თვითმმართველობის წევრებმა მათ ერთ-ერთ წევრს ცოტნე ცხვედიანს სცემეს. ისინი ხელისუფლებისგან თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ.

კომენტარები