საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტმა საკონსტიტუციოს კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა უთხრა.

"გუშინ საღამოს, 7 საათზე შემოვიდა საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები და დღეს დილას, უკვე საქართველოს პრეზიდენტმა გადააგზავნა ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგვზანის ვენეციის კომისია თავის დასკვნას კანონთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, მანამ სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონთან დაკავშირებით - მოაწეროს მას ხელი თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პარლამენტს, აუცილებლად, როგორც ითქვა, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან", - თქვა იმერლიშვილმა.

კითხვაზე, დაელოდება თუ არა პრეზიდენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ვეტოს დადების შესახებ გადაწყვეტილებამდე, უშიშროების საბშჭოს მდივანი პასუხობს - "თქვენ მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტს აქვს ათდღიანი ვადა. ჩვენ ვიმედოვნებთ და თხოვნა იყო ვენეციის კომისიასთან, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად იყოს გამოგზავნილი და იმედი გვაქვს, ეს იქნება შესაძლებელი".

პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები