Check-in Georgia

Check-in Georgia-ს მთავრობასთან ერთად 6 მილიონით კერძო სექტორი დააფინანსებს

collinstours.ca

პროექტ Check-in Georgia-სთვის მთავრობამ კერძო დაფინანსების სახით 6 მილიონი ლარი შეაგროვა, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კერძო სპონსორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიხეილ გიორგაძის თქმით, კერძო სპონსორების დაფინანსების ზრდასთან ერთად პროგრამის 29-მილიონიანი ბიუჯეტის დაფინანსების წილი, რაც სახელმწიფოზე მოდის, მცირდება. 

"20-მა კომპანიამ დღეისთვის გამოხატა ამ პროექტში ჩართვის სურვილი, დაახლოებით 6 მილიონ ლარამდე არის სასპონსორო შემონატანი უკვე განხორციელებული. მათ ეძლევათ საშუალება საკუთარი კომპანიების რეკლამირების, ბრენდირებული პროდუქტების წარმოჩენის. პროცესი კიდევ გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ სასპონსორო შენატანები კიდევ გაიზრდება. დიახ, შესაბამისად მცირდება ის თანხა, რაც სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს", - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, Check-in Georgia საქართველოს პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ქუმსიშვილი ამბობს, რომ მთავრობა Check-in Georgia-ს სარეკლამო კამპანიას 16 ქვეყანაში აწარმოებს.

"16 ქვეყანაში ვახორციელებთ Check-in Georgia-ს რეკლამირებას, მხოლოდ ვებგვერდებზე ჩვენ გვქონდა 455 მილიონზე მეტი ნახვა აღნიშნული რეკლამის, საიდანაც 1.1 მილიონი გადმოსულია კონკრეტულად იმისათვის, რომ პროგრამას გაცნობოდა და მისი დეტალები კონკრეტულად ენახა. 55 ქვეყნის მაცხოვრებლებმა შეიძინეს დასასწრები ბილეთები", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

პროგრამის სასპონსორო პაკეტები შეიძინეს თიბისი ბანკმა, საქართველოს ბანკმა, VTB ბანკმა, პროგრეს ბანკმა, სოკარმა, ვისოლმა, აიდიეს ბორჯომმა, თეგეტა მოტორსმა და სხვა კომპანიებმა. 

Maroon 5-ის, რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასისა და GROOVE SONIX-ის ჰონორარებზე საქართველოს მთავრობა 11.1 მილიონ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ პროექტ Check-in Georgia-ს ოფიციალური ხარჯთაღრიცხვიდან გახდა ცნობილი. 

პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეროს რამაზოტის (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსის (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასის (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5-ის (7 ივნისი, ბათუმი) კონცერტების გარდა, Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს.

კომენტარები