ბოტანიკური ბაღი

შპს ფინსერვისი XXI: ირაკლი აბესაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

ტაბულა

შპს ფინსერვისი XXI ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს ფინსერვისი XXI-მა ქალაქის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. წითელი ხაზების კორექტირების თხოვნით მიმართა, რომლის თანახმად ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა აღმოიფხვრა და ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება ფართობების უცვლელად მოხდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფინსერვისი XXI-ის ქმედებით კანონი არ დარღვეულა, ამასთან, ბოტანიკურ ბაღში ინვესტიცია განხორციელდა.

"შპს ფინსერვისი XXI-მა (ს/კ 205030214) მიმართა ქალაქ თბილისის მერიას მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრების, ე.წ. წითელი ხაზების კორექტირების თხოვნით, რომლის თანახმად, აღმოიფხვრა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და ფართობების უცვლელად განხორციელდა ორივე ნაკვეთის საზღვრების კორექტირება. შედეგად ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო შპს ფინსერვისი XXI-ის მიერ მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია. თავის მხრივ, ბოტანიკურმა ბაღმა შპს ფინსერვისი XXI-ს გადასცა ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი.
შპს ფინსერვისი XXI-ის ქმედებით კანონი არათუ დარღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს ფინსერვისი XXI-მა მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე განახორციელა რამოდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ირაკლი აბესაძესათვის, ვინც იმ დროს მუშაობდა თბილისის მერიაში და რომელიც დღეს მოსახლეობისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებით აქტიურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები