ბოტანიკური ბაღი

ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში ხეების მოჭრის საკითხი ჯერ არ დამდგარა. ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ და თაბორის მთაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა არის ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს.

"განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელზეც დედაქალაქის საკრებულომ იმსჯელა, არის ჩარჩოდოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის საკმაოდ საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს. მათ შორის, დაგეგმილია გოლფ კლუბის გაკეთება, დამატებით გამწვანდება ტერიტორია. კონკრეტული დენდროლოგიის პროექტი მომზადების სტადიაზეა და ის აუცილებლად იქნება შემოტანილი", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ გუშინ, 24 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კრწანისის რაიონში, ოქროყანის დასახლებაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გაშენებას. თანაინვესტირების ფონდის დირექტორის ცოტნე ებრალიძის თქმით, ტერიტორიაზე მხოლოდ დაავადებული ხეები მოიჭრება.

"ჩვენს ფინანსურ ინტერესებში პირდაპირ შედის ის, რომ მაქსიმალური რაოდენობის ხეები გადავარჩინოთ. იმიტომ რომ არსებული ხეების რაოდენობაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი სივრცე, როგორსაც ჩვენ ვაპირებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დამატებითი ხეების შეტანა", - ამბობს ებრალიძე.

პროექტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ.

"ძალიან სწრაფად, მოუმზადებლად, არასრულყოფილი დოკუმენტაციის პირობებში მოხდა ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკული ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მინიჭება და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონებში 300 000 კვ/მ ფართობზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება. ნათელია, რომ ასეთ მოკლე ხანში საკრებულოს უმრავლესობის მცდელობა, სწრაფად დაამტკიცოს ქალაქმშენებლობის დოკუმენტები, განპირობებულია ერთადერთით - დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.

კომენტარები