Check-in Georgia

Maroon 5-ის, რობი უილიამსისა და სხვა არტისტების ჰონორარებზე 11 მილიონი იხარჯება

collinstours.ca

Maroon 5-ის, რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასისა და GROOVE SONIX-ის ჰონორარებზე საქართველოს მთავრობა 11.1 მილიონ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ პროექტ Check-in Georgia-ს ოფიციალური ხარჯთაღრიცხვიდან გახდა ცნობილი. კულტურის სამინისტრომ ხარჯთაღრიცხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობობის გამო გაასაჯაროვა. ამ თანხაში შედის მუსიკოსებისა და მათი თანმხლები ჯგუფების ჰონორარები და ტრანსპორტირება. 

ყველაზე მრავალრიცხოვანი, 66-კაციანი ჯგუფი ეროს რამაზოტის კონცერტის ორგანიზებისთვის არის საჭირო. რობი უილიამსის კონცერტს 51 ადამიანი მოემსახურება, Maroon 5-ის კონცერტისთვის კი ბიუჯეტი 30-კაციან ჯგუფზეა გათვალისწინებული. 

აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაში საშემოსავლო გადასახადიც შედის, ამ მხრივ საჯაროა რობი უილიამსისა და ხოსე კარერასის საშემოსავლო გადასახადის მოცულობა, რაც ერთად 618 ათასი ლარი იქნება. კულტურის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვაში დანარჩენი არტისტების საშემოსავლო გადასახადების მოცულობა მითითებული არაა. 

რობი უილიამსის კონცერტისთვის დინამოს სტადიონის მოწყობაზე 3.6 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ეროს რამაზოტის კონცერტისთვის სპორტის სასახლის იჯარაზე კი 55 ათასი ლარია გამოყოფილი.

ხარჯთაღრიცხვიდან ირკვევა, რომ მთავრობა აფინანსებს კიდევ ერთ ფესტივალს - GEM FEST-2016-ს, რომელზეც 77 არტისტის გამოსვლაა დაგეგმილი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჰონორარებს მთავრობა 1.2 მილიონი ლარით აფინანსებს.

პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეროს რამაზოტის (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსის (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასის (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5-ის (7 ივნისი, ბათუმი) კონცერტების გარდა, Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს.

სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად ფესტივალის დაფინანსების წყარო გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალიც იქნება. ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20-დან 200 ლარამდე მერყეობს. პროექტის სრული ბიუჯეტი 29 მილიონი ლარია და ის სრულად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

კომენტარები