ქალთა უფლებები

კაკაბაძე: პრობლემაა, რომ ქალის მოსაზრებებს არ აღვიქვამთ ქმრისგან დამოუკიდებლად

ტაბულა

ქალთა მოძრაობის წევრის ნინია კაკაბაძის შეფასებით, ქართულ კულტურაში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ "ქალის მოსაზრებებს ხშირად არ აღვიქვამთ ქმრისგან დამოუკიდებლად, მას აღვიქვამთ, როგორც მეუღლის ნაწილს და მეუღლის მოსაზრებების გამხმოვანებელს". კაკაბაძემ ტაბულასთან საუბარში შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.

"ეს პრობლემა არის არა მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ჯერ ისევ დგას სხვა ქვეყნებშიც და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემასაც აუცილებლად მოევლება. საქართველოში ეს განსაკუთრებულად მძაფრად არის. იმიტომ, რომ შესაძლებელია, ცოლს ჰქონდეს მეუღლისგან განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ არ დეკლარირებდეს ამას ხმამაღლა. ძალიან ხშირად არის, რომ ჩვენ არ ვიცით ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ საჯარო პირის მეუღლის აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ის ან არ ისმის, ან ხშირ შემთხვევაში მართლაც მსგავსია მისი ქმრის მოსაზრებებისა... თამარ ჩერგოლეიშვილი არის ძალიან აქტიური ადამიანი, ის თითქმის ყველა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას და უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება, მისი მოსაზრებები ემთხვევა ენმ-ის მოსაზრებებს. ამიტომ, ეს შეცდომა, რომ მისი სიტყვები მივაწეროთ მთლიანად პარტიას, შეიძლება, ნებისმიერს მოსვლოდა, მაგრამ ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება არის შესაძლებელი ამის შემდეგ. როცა პარტია არ აცხადებს პასუხისმგებლობას ერთ-ერთი წევრის მეუღლის სიტყვებზე, საჯაროდ არ დეკლარირებს, ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სხვა ფორმატში უნდა ვესაუბროთ პოლიტიკურ პარტიას და სხვა ფორმატში - აქტიურ საჯარო პირებს, სამოქალაქო სექტორის თუ საზოგადოების წარმომადგენლებს და მივიღოთ მისი მოსაზრებები პარტიისგან, მეუღლისგან, ოჯახისგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად", - ამბობს კაკაბაძე.

ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ეს შემთხვევა არასამთავრობოების მხრიდან კრიტიკის მიუღებლობა, კაკაბაძე პასუხობს, რომ "ჩვენში კრიტიკის მიუღებლობა, ზოგადად, არსებობს. არასამთავრობო სექტორს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აკრიტიკებს და უფრო სამწუხარო მოსასმენია ჩემთვის მაშინ, როცა ხელისუფლება აკეთებს ამას, იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორის კრიტიკის ვექტორი ხელისუფლებისკენ არის მიმართული ყოველთვის და ამას აკეთებდა ნებისმიერი დროის ხელისუფლება საქართველოში. მათგან არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მიუღებელი ასეთი კრიტიკა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის არ ეფუძნება ხოლმე ფაქტებს, მაგრამ, ზოგადად, კრიტიკას უნდა მივეჩვიოთ ყველანი, ნებისმიერი ჩვენგანი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ."

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტაბულას დირექტორის facebook-პოსტის გამო შეხვედრის გაუქმების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ აცნობეს. იქამდე, ეკა გიგურმა sms-ით გიგა ბოკერიას მისი ცოლის განცხადების გამო უსაყვედურა.

ტაბულას დირექტორმა რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური ჟარგონი გამოიყენა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს ღია წერილით მიმართეს, "სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

ეკა გიგაურმა დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, ტაბულას საია-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები აქვს და კომენტარი, სავარაუდოდ, არ იქნება. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირება კი მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდება, ის ტაბულას ზარებს არ პასუხობს. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ორგანიზაციის პრესსამსახურთან.

ნინო ლომჯარიამ ამ თემაზე კომენტარი გუშინ გამოცემა ნეტგაზეთს მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ "შეხვედრის ჩაშლის მიზეზი იყო არასამთავრობოების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებთანაც პარტიას აქვს კონსტრუქციული ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა".

კომენტარები