ქალთა უფლებები

"ექიმმა მითხრა კიდევ გათხოვებას აპირებ და მკერდი გინდაო?" - მასტექტომია და ქალების გამოცდილება

ძუძუ, როგორც ქალის მეორადი სასქესო ნიშანი, მთელი ცხოვრების მანძილზე სხეულის თვითაღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ესთეტიური, ისე ინტიმური თვალსაზრისით. მისი მოკვეთის შემდეგ, სიმსივნესთან დაკავშირებული სამედიცინო სირთულეების გარდა, ქალები ბევრ სხვა პრობლემასაც აწყდებიან.

მასტექტომია, ანუ ძუძუს ამპუტაცია სარძევე ჯირკვლის, მიმდებარე ქსოვილებისა და ლიმფური კვანძების ნაწილობრივ ან სრულ მოკვეთას გულისხმობს. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს პროცედურა ზოგჯერ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დასამარცხებლად. თუმცა, როგორც ყველა სხვა სამედიცინო ჩარევას, მასაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები და ოპერაციის შემდგომი სირთულეები.

ამ თემაზე კვლევა მედია-ორგანიზაცია "კაქტუსის" დაკვეთითა და ქალთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაციის პაციენტისთვის მიწოდება ექიმებს კანონით ევალებათ. თუმცა, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ხშირად პაციენტები არ არიან ინფორმირებულები ოპერაციის მსვლელობისა და პოსტ-ოპერაციული პროცესების შესახებ. ამის მიზეზად სახელდება მათ შორის მკურნალი ექიმის გადატვირთული გრაფიკი, კლინიკაში ისეთი პერსონალის სიმწირე, რომელიც პაციენტს ინფორმაციას მისთვის გასაგებ ენაზე მიაწვდის და საკითხის მიმართ არასაკმარისი მგრძნობელობაც კი.

"ექიმს ვთხოვე, რომ პატარაზე ლაზერით ამოეღოთ და ისე აგრესიულად [მიპასუხა], რაო გათხოვებას აპირებ კიდეო და მკერდი გინდაო? გულისტკივილი მქონდა მაშინ, ცრემლებიც წამომივიდა რაღაც და აღარ მინდოდა მერე შევდავებოდი", - ყვება კვლევის მონაწილე ერთ-ერთი ქალი.

თუმცა ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება. კვლევაში მონაწილე 9 ქალი ამბობს, რომ მკერდის ამპუტაციის გვერდითი მოვლენების შესახებ ოპერაციამდე ექიმისგან სხვადასხვა ხარისხის ინფორმაცია მიიღეს. იყო შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია ამომწურავი იყო, ექიმი პასუხობდა პაციენტის კითხვებს, აწვდიდა ინფორმაციას მასტექტომიის უკუჩვენებების, ალტერნატიული სცენარების, ძუძუს არეს გაუგრძნობელობის შესახებ და მათ ინფორმირებულობის პოზიტიური განცდა ჰქონდათ. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც არც ექიმი აწვდიდა ინფორმაციას პაციენტს და არც პაციენტი იჩენდა ინიციატივას

"მკვლევართა ჯგუფისთვის და ასევე რესპონდენტების ნაწილისთვის გასაგებია, რომ ზოგჯერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ ტოვებს ალტერნატივებისთვის ადგილს და მასტექტომია საუკეთესო, ერთადერთ ვარიანტად გვევლინება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, კანონისა და ეთიკის ნორმების თანახმად, აუცილებელია, პაციენტის ინფორმირება", - აღნიშნულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობას, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებაზე საუბრისას, უჭირს კონკრეტული წყაროების დასახელება, არის ეს სამედიცინო-სამეცნიერო პორტალი მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაციით, თუ სხვა ტიპის წყარო.

"ხდება ხოლმე, რომ პაციენტი ინფორმაციის დიდ ნაწილს ახლობლებისა და ნათესავებისგან იღებს, მიმართავს "ექიმბაშურ" საშუალებებსა და მკურნალობას. რესპონდენტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ქართულ ენაზე შესაბამისი ინფორმაცია განსაკუთრებით მწირია და, როდესაც მათ სჭირდებოდათ, ფორუმებზე აღძრული დისკუსიის გარდა სხვა ინფორმაციას ვერ პოულობდნენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ძუძუს გაურგძნობელობის საკითხი - ჰქონდათ თუ არა ქალებს ინფორმაცია, რომ ძუძუს არეში ოპერაციის შემდგომ მგრძნობელობას დაკარგავდნენ. გამოკითხული 15 ქალიდან ათმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდათ და ეს იყო ახლობლების გამოცდილებიდან ან ექიმის მიერ მიწოდებული. ოთხი ქალი ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ ჰქონია, ერთის თქმით კი:

"ინფორმაცია არ მქონია, მაგრამ თვითონ კითხვაც არ მესმის, მკერდი აღარ არსებობს და მგრძნობელობა რანაირად, ნერვები, ყველაფერი ამოღებულია, არც მე დამისვამს ამაზე კითხვა... ვერ ვიგებ ამას... აღარ არის იქ ნერვები, ხელს რომ დავიდებ, პირდაპირ ნეკნია, აღარაფერი აღარ არის და როგორ შეიძლება მგრძნობელობა...".

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხშირად, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ქალებს ერიდებათ კითხვების დასმა, მით უმეტეს თუ ექიმი კაცია. ზოგიერთი გამოკითხული ამის გამო ექიმს ელექტრონულად ეკონტაქტება.

"ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ გავრცელებული არ არის და პაციენტების ინფორმირებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს", - აღნიშნულია კვლევაში.

აღმოჩნდა, რომ არის შემთხვევები, როცა ერთმნიშვნელოვანი ჩვენება არ არსებობს და ქალები მკერდის ამპუტაციის გადაწყვეტილებას თავის დაზღვევის მიზნით იღებენ.

"ექიმის შემოთავაზება იყო, რომ სექტორულად, ანუ ადგილობრივად ამოღებულიყო ის კვანძი, თუმცა, რადგანაც მრავლობითი კვანძები მქონდა და დიდი ალბათობა იყო, რომ ლოკალურად დაბრუნებულიყო სიმსივნე − თან ჩემს ბავშვობის მეგობარს ჰქონდა სიმსივნე, დაბრუნდა, იმიტომ, რომ ლოკალურად ჰქონდა მოკვეთილი... მოკლედ, ძალიან რთული პერიოდი გაიარა ამ გოგომ და ჩემთვის ეს იყო ჭკუის სასწავლებელი... პრევენციის მიზნით, იმის გამო, რომ მე სიცოცხლე მინდოდა. 11 წლის მყავდა მაშინ გოგო და ვფიქრობდი, რომ ჯერ უნდა გავზარდო შვილი, აუცილებლად უნდა ვიცოცხლო მისთვის და მოკლედ ასე, გადავწვიტე და მოვიშორე. მრავლობით კვანძი როდესაც არის იქ დიდი ალბათობა იყო [დაბრუნების] და თავი დავიზღვიე", - ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.

"პირველ სტადიაზეც კი თანახმა ვიყავი, რომ მომეკვეთა, რომ თავი დამეზღვია", - ამბობს კიდევ ერთი რესპონდენტი.

კვლევის მიხედვით, მასტექტომიის გაკეთებას ურჩევდნენ რესპონდენტებს ოჯახის წევრებიც:

"ჩემი ქმარი თავიდანვე მეუბნებოდა ორივე მკერდის მოკვეთას, რომ მოიკვეთე, მოიშორეო".

"ჩემმა შვილებმა და ჩემმა ქმარმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში".

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს ასიმეტრიულობისგან თავის არიდებამაც.

"ერთ მხარეს არაფერი, მეორე მხარეს რაღაცა პატარა ნარჩენი, ეს ძალიან ცუდ განწყობაზე დამაყენებდა და ვკითხე ჩემს მკურნალ ექიმს, რამდენად შეიძლებოდა ისე ყოფილიყო, რომ ორივე მხარეს ერთნაირად ყოფილიყო... მითხრა, რომ კი, პირიქით, ალბათ უკეთესიც იქნებაო და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, უკეთესი იყო".

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ძუძუს მოკვეთის შემდეგ, სიმსივნესთან დაკავშირებული სამედიცინო სირთულეების გარდა, პაციენტები სხვა პრობლემებსაც აწყდებიან. მათ შორისაა უარყოფითი ცვლილებები სხეულის ხატის აღქმაში, სქესობრივი ცხოვრებით უკმაყოფილება, შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები და ა.შ.

"ძუძუ, როგორც ქალის მეორადი სასქესო ნიშანი, მთელი ცხოვრების მანძილზე სხეულის თვითაღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია როგორც ესთეტიური, ისე ინტიმური თვალსაზრისით. ძუძუთი კვება ქალებისთვის, ვინც ამ მეთოდს მიმართავს, დედობის და ჩვილთან ურთიერთობის შემადგენელია; ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო, ძუძუს კიბო და ძუძუს დაკარგვა, ბიოლოგიური და სამედიცინო გართულებების გარდა, უამრავ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ინტიმურ საკითხთან არის დაკავშირებული, ხოლო სათანადო ინფორმირებულობა ხელს უწყობს როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, ასევე სირთულეებთან გამკლავებას", - ამბობენ კვლევის ავტორები.

თანამედროვე მედიცინა სიმსივნის მქონე პაციენტებს მასტექტომიის შემდგომ ძუძუს რეკონსტრუქციის საშუალებას აძლევს, რაც, გარკვეულწილად, სხეულის მთლიანობის აღქმისა და თვითშეფასების პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

კვლევის ავტორებმა ამ კუთხით არსებული მდგომარეობაც შეისწავლეს. დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველოში მასტექტომიის შემდგომი რეკონსტრუქციის ხარჯებს სახელმწიფო დაზღვევა არ ფარავს. გარდა ამისა, მკვლევართა ჯგუფისთვის არ არის ცნობილი ასევე არც ერთი კერძო სადაზღვევო კომპანია, რომელიც ამ ხარჯებს ანაზღაურებს.

კვლევის 15 რესპონდენტიდან მხოლოდ ხუთს ჰქონდა რეკონსტრუქცია გაკეთებული, სამს არ სურდა, ხოლო დანარჩენებს სურდათ, მაგრამ ფინანსური ბარიერის და სამკურნალო გეგმის გამო ეს პროცედურა გადადებული ჰქონდათ.

"რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ზოგადად, ქალებისთვის რეკონსტრუქციის არ-გაკეთების წამყვანი მიზეზი, ფინანსური ბარიერია და რომ მეტი ქალი აღიდგენდა მკერდს, თუკი ფინანსურად პროცედურა უფრო გამარტივებული იქნებოდა (მაგალითად, სახელმწიფო თანადაფინანსების ან სხვა გზების მეშვეობით). თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მოსაზრების გამო ქალებს არ უნდათ რეკონსტრუქციის გაკეთება და წინააღმდეგიც კი არიან ამ პროცედურის, რის მიზეზადაც იმპლანტებთან დაკავშირებული რისკებს, ემოციურ ფაქტორს (შიში) და სხვა მოსაზრებების ასახელებენ, მათ შორის ფიზიკურ დისკომფორტს, რომელსაც პროთეზის ტარების დროს განიცდიან; ხოლო რეკონსტრუქციის გაკეთების წამყვან მიზეზებად ვიზუალური მდგომარეობა/ესთეტიურობა, ქალურობის შეგრძნება და პარტნიორთან დაკავშირებული მიზეზები სახელდება", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ იმპლანტის მეშვეობით ძუძუს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ რისკებზე პაციენტების ინფორმირება სათანადოდ არ ხდება.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 15 ქალიდან ოპერაციის ხელშეკრულება, რაზეც პაციენტი ხელს აწერს, შენახული აქვს მხოლოდ ერთ პაციენტს. სამი აღნიშნავს, რომ არ ახსოვს, შენახული აქვს თუ არა. სადიაგნოსტიკო დოკუმენტაცია შენახული აქვს ყველას.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გარდა სამედიცინო მოსაზრებისა, ეს დოკუმენტები საჭირო შეიძლება გახდეს, მაგალითად, სასამართლო მსვლელობის დროს, თუკი პაციენტი გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვეტს შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვას ან სხვა შემთხვევაში. ამიტომ, აზრით, სასურველია ამ საკითხზე პაციენტების სათანადო ინფორმირება ხდებოდეს, რათა მათ მეტი ყურადღება გამოიჩინონ დოკუმენტაციის მიმართ.

კიდევ ერთი კითხვა, რაც კვლევაში მონაწილე ქალებს დაუსვეს, ეს არის რის ცოდნას ისურვებდნენ ოპერაციამდე და თუ იყო ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ განვლილ გზას გაუმარტივებდა. მათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ, თუმცა რამდენიმე ვარიანტი მაინც გამოიკვეთა. მათ შორისაა რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საწყის სტადიაზე ამოეკვეთა სიმსივნური უჯრედები, რაც მკერდს შეუნარჩუნებდა და ქიმიოთერაპიას ააცილებდა. ასევე ცოდნა, რომ შესაძლებელია რეკონსტრუქცია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ გაკეთდეს, რაც მკერდის დაკარგვის შოკს გარკვეულწილად ამცირებს. გარდა ამისა, ქალებს სურდათ სცოდნოდათ, არსებობს ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების შემამსუბუქებელი პრეპარატები და, ზოგადად, ფიზიკურად რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ქიმიოთერაპია. ერთმა რესპონდენტმა ისურვა, წინასწარ სცოდნოდა, რომ წონაში მნიშვნელოვნად მოიმატებდა, ხოლო კიდევ ერთმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა მხარდამჭერი ჯგუფის შესახებ ადრე სცოდნოდა.

ზოგადადაც, ქალები ამბობენ, რომ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება ეს ფორმალური ჯგუფები თუ არაფორმალური, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გვერდში დგომა.

"ფსიქოლოგიური დახმარება უფრო გვჭირდება, ყველაზე პირველი ეს არის".

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ წვრილმანი დეტალებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, კლინიკაში არსებული საპარიკმახერო თმის ცვენის პრობლემის მქონე ქალებისთვის, მათ განწყობას აუმჯობესებს და სირთულეების გადატანაში ეხმარება.

კვლევის ავტორებმა გამოკითხულ ქალებს ასევე ჰკითხეს, რას ურჩევენ ისინი სხვებს. ყველაზე ხშირად ისინი ასახელებენ ხშირ შემოწმებას, წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მაინც და აღმოჩენილი პრობლემის დროულად მიხედვას. ასევე, საბრძოლო შემართებასა და დადებითი განწყობის შენარჩუნებას.

"შემართებით, რწმენით და იმედით უნდა მიუდგე ამ საკითხს და ყველაფერს მოერევი მაშინ", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

გარდა ამისა, გამოკითხული ქალები სხვებს ურჩევენ, რომ მკერდის შენარჩუნება არ ღირს, თუ ამასთან რაიმე სახის თუნდაც სულ მცირე რისკი არის დაკავშირებული.

"არ დაინანონ მკერდის მოჭრა თუ მოსაჭრელია, მთავარი ცხოვრებაში არ არის მკერდი... ჩვენ ვიცით უმკერდო ადამიანები როგორ პოზიტიურად [ცხოვრობენ], ახალგაზრდები მით უმეტეს, ბავშვებს აჩენენ და ცხოვრებას აგრძელებენ. მთავარი არის სიცოცხლე, ოჯახი, შვილები. მკერდი − ეს არი არის მთავარი".

"არც ერთი ძუძუ და არაფერი საერთოდ არ ღირს იმად, რომ ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე".

სტატისტიკა

2018 წელს მსოფლიოში ძუძუს კიბოს დაახლოებით 2.09 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების 1652 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეგისტრირებული სიმსივნეების საერთო რაოდენობის 31.1% წილს შეადგენს და ყველაზე მაღალი ავადობის მქონე ლოკალიზაციის ადგილს იკავებს

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან ქიმიოთერაპიული, ჰორმონოთერაპიული, სხივური თერაპიის მომსახურებით, ასევე შესაბამისი გამოკვლევებით, მედიკამენტებით და გეგმიური ქირურგიული ოპერაციული პროცედურებით. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 243 სამედიცინო დაწესებულებაში. სხივური თერაპიის სერვისებს, ამაჟამად, საქართველოს მასშტაბით, აწარმოებს 12 სამედიცინო დაწესებულება (აქედან, 10 თბილისში, 2 რეგიონებში), ხოლო ქიმიო და ჰორმონოთერაპიას - 65 სამედიცინო დაწესებულება (მათ შორის, თბილისში - 33, 18 რეგიონებში). (საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოკლე მიმოხილვა, 2017).

არ არსებობს სტატისტიკა რამდენი ქალი იკეთებს მასტექტომიის შემდეგ მკერდის რეკონსტრუქციას. ესთეტიური პლასტიკის, ასევე მასტექტომიის შემდგომი რეკონსტრუქციის ჯამური მაჩვენებელი ასეთია: 2018 წლის ივნისის მონაცემებით, 120 შემთხვევა; 2017 – 259; 2016 – 150; 2015 – 140 . როგორც მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, ოპერაციების რაოდენობების ტენდენცია მზარდია.

რეკომენდაციები

კვლევის ავტორების რეკომენდაციები ასეთია:

  • საკმაოდ შეზღუდულია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა − კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა ახსენეს აქტიურად მოქმედი და რეაბილიტაციაზე მომუშავე მხოლოდ ორი ჯგუფი;
  • სასურველი იქნება, რომ მომავალში ყველა კლინიკა აღიჭურვოს პერსონალით, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი ოპერაციამდე ქალების ინფორმირებაზე მასტექტომიის შედეგებისა და გვერდითი მოვლენების, შესაძლო ალტერნატივების, ოპერაციის შემდგომი პროცესების და მართი მართვის ტექნიკების შესახებ;
  • აუცილებელია კლინიკის აღნიშნული პერსონალის აღჭურვა დარგში ჩატარებული ახალი კვლევების ცოდნითა და საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციებით. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტების ინფორმირება ძუძუს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული რისკებისა და ძუძუს გაუგრძნობელობის შესახებ. სასურველია ხსენებულ საკითხებზე ინფორმაციის ბეჭდური სახით გავრცელებაც, რაც, გარკვეული სახით, გაამარტივებს სენსიტიურ საკითხზე ინფორმაციის მიღებას, მოახდენს საკითხის ნორმალიზებას, და, შესაძლოა, ხელსაც შეუწყობს დიალოგის წამოწყებას და დამატებითი ინფორმაციის პირადად სამედიცინო პერსონალისგან მიღებას.
  • არაერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში ფორმალურ თუ არაფორმალურ მხარდაჭერას უზარმაზარი წვლილი შეაქვს. რეაბილიტაციის ცენტრები თუ არაფორმალური დახმარების ჯგუფები მათი გამოჯანმრთელების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ, სასურველი იქნება, თუკი პაციენტები კლინიკაში, ან სულაც სკრინინგ-ცენტრებისგან მიიღებენ ინფორმაციას რეაბილიტაციის არსებული შესაძლებლობების შესახებ. სათანადო რეფერალური ქსელის არსებობა მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს ზრუნვის ხარისხსა და მოსარგებლე ინდივიდების მდგომარეობას.

კვლევის მეთოდები

კვლევა ჩაატარა კვლევითი ორგანიზაციამ "We Research/ჩვენ ვიკვლევთ" მიერ, მედია-ორგანიზაცია "კაქტუსის" დაკვეთით და "ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევისთვის შემუშავდა ინტერვიუს სახელმძღვანელო ჩაღრმავებული ინტერვიუსთვის და მკვლევართა ჯგუფი პირისპირ გაესაუბრა მასტექტომიის გამოცდილების მქონე 14 ქალს; მე-15 რესპონდენტს არ ჰქონდა მასტექტომიის გამოცდილება − მკურნალობის პროცესში ექიმმა გადაწყვიტა, ოპერაცია არ გაეკეთებინა. რესპონდენტების შერჩევა მოხდა დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაქტო ქსელის დახმარებით და ასევე თოვლის გუნდის პრინციპით, როდესაც კვლევაში ჩართული რესპონდენტი აკავშირებდა ახალ მონაწილესთან. კვლევაში მონაწილეობისთვის, რესპონდენტებისთვის გათვალისწინებული იყო ინსენტივები.

გამოყენებული მეთოდი, ჩაღრმავებული ინტერვიუ, სიღრმისეულად შეისწავლის საკვლევ საკითხს, თუმცა, არ იძლევა საკითხის განზოგადებისა და მასტექტომიის გამოცდილების მქონე ყველა ქალზე დასკვნის გაკეთების საშუალებას. კვლევის ფორმატიდან და შერჩევის მცირე ზომიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა სხვადასხვა სხვადასხვა, მრავალფეროვანი ჯგუფების სათანადო წარმოჩენა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 15-მა ქალმა (მინ. ასაკი 32, მაქს. 57; საშუალო − 47); რესპონდენტთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს (ასევე სამი რესპონდენტი ბათუმიდან, სენაკიდან და გორიდან); ყველა ქალს გაჩენილი ჰყავს შვილი (1 შემთხვევა, როდესაც რესპონდენტის მეუღლე და შვილი გარდაცვლილნი არიან). ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პაციენტმა 15 წელია, რაც საკუთარი დიაგნოზის შესახებ იცის; ყველაზე ხანმოკლე ისტორია 1 წლისაა; საშუალო მაჩვენებელი 5 წელია.

კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები