ქალთა უფლებები

გაერო: ვგმობთ ქალთა უფლებადამცველების დაშინებას, მათ მიმართ მუქარასა და ძალადობას

საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი ქალთა უფლებადამცველებსა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში გმობენ უფლებადამცველთა დაშინებას, მათ მიმართ მუქარასა და მათზე რაიმე ფორმით ძალადობას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში სოციალური ქსელით ქალთა უფლებადამცველების მიმართ იყო "უდიდესი აგრესია" და იყენებდნენ სიძულვილის ენას, მათ ემუქრებოდნენ და ლანძღავდნენ.  

"ქალთა უფლებადამცველები სოციალური სამართლიანობისა და ფემინისტური მოძრაობის ავანგარდში არიან. ისინი იბრძვიან გენდერული თანასწორობის განხორციელების, ქალთა უფლებების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის. საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს სურს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს სოლიდარობა ადამიანის უფლებათა დამცველი ქალების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით თანასწორად სარგებლობისთვის იღვწიან". – ვკითხულობთ განცხადებაში.  

გაეროს სააგენტოების ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ქალთა უფლებადამცველები ისეთივე რისკების წინაშე დგანან, როგორც ადამიანის უფლებათა სხვა დამცველები, თუმცა, მათივე შეფასებით, ისინი, როგორც ქალები, გენდერული ნიშნით ძალადობის სამიზნეებიც ხდებიან.

"ხშირად, მათ საქმიანობას აღიქვამენ, როგორც გამოწვევას საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული გენდერული და ოჯახური როლების მიმართ, რასაც სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვება. საფრთხეებისა და ძალადობის სამიზნეები არა მარტო ეს ქალები, არამედ მათი ოჯახებიც ხდებიან, რაც ქალთა უფლებადაცვითი საქმიანობის შეფერხებას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ქალი უფლებადამცველები უფრო ხშირად არიან ძალადობის გარკვეული ფორმებისა და სხვა დარღვევების, მცდარი წარმოდგენების, გაკიცხვისა თუ გარიყვის საფრთხის წინაშე, ვიდრე მათი კაცი კოლეგები. ქალთა უფლებების დამცველების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევა სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული". – წერია განცხადებაში.  

განცხადების მიხედვით, კორონავირუსმა გენდერული თანასწორობის სფეროში არსებული მიღწევები რისკის ქვეშ დააყენა, ასევე, შეინიშნება ქალთმოძულეობის "საგანგაშო ზრდა". მათივე შეფასებით, ამ პერიოდში ქალი უფლებადამცველების საქმიანობა მეტად მნიშვნელოვანია. 

"ჩვენ ვგმობთ ქალთა უფლებების დამცველების დაშინების, მათ მიმართ მუქარის ან რაიმე ფორმით ძალადობის ნებისმიერ ფაქტს, ასევე, მათი სტიგმატიზაციის ან გარიყვის ნებისმიერ მცდელობას და მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას სათანადო და მტკიცე ნაბიჯები, რათა ქალ უფლებადამცველებს საკუთარი საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება შეეძლოთ". – წერია გაეროს სააგენტოების ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები