ტერორიზმი

ბრიუსელში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში 6 პირი დააკავეს

Reuters

BBC-ის ცნობით, ბელგიის პოლიციამ სხარბეკის რაიონში, ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ დაწყებული მასობრივი გამოძიების ფარგლებში, ექვსი პირი დააკავა. სამართალდამცავები არც დაკავებულების ვინაობას ასახელებენ და არც იმას აკონკრეტებენ, აქვთ თუ არა დაკავებულებს ტერაქტებთან კავშირი.

ადგილობრივების თქმით, გუშინ ჩატარებული სპეეცოპერაციისას, მათ აფეთქებების ხმა გაიგონეს, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები არ იციან.

ამასთან, ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა პარიზშიც, სადაც ერთი ადამიანი დააკავეს. ის თავდასხმის დაგეგმვის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნევის თქმით, ეჭვმიტანილი ფრანგია და იგი თავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს. თუმცა, მისი თქმით, დაკავებულს არც ბრიუსელის და არც პარიზის ტერაქტებთან კავშირი არ ჰქონია.

BBC-ის ცნობით, ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტი მგზავრებისთვის 28 მარტს გაიხსნება.

ბრიუსელის ტერაქტებში მონაწილე ძმები, ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუიები, ბელგიის გარდა, ამერიკასაც ჰყავდა ტერორისტთა სიაში შეყვანილი. ხალიდ ელ-ბაკრაუის ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, ინტერპოლი ეძებდა. მისი ძმა, ბრაჰიმ ელ-ბაკრაუი კი 2015 წლის ივნისში თურქეთში დააკავეს და მისი ბელგიაში დეპორტაცია მოახდინეს.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს, პროკურატურის მიერ დადასტურებული ცნობებით, ჯამში 31 ადამიანი ემსხვერპლა, 261 კი დაშავდა. პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტებს კი, 130 ადამიანი ემსხვერპლა, 368 კი დაშავდა.

ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები