ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს გზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ". ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა.
"რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტირებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებსაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქშოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგსუკან "გაზპრომთან" მოლაპრაკებაში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან, არამედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან" - თქვა ხერხეულიძემ.





