თბილისის საკრებულო

თანამედროვე საბალეტო დასის შესაქმნელად საკრებულო 250 000 ლარს გამოყოფს

primetimenews.ge

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს თანამედროვე საბალეტო დასის შექმნის საკითხი, რომელსაც მხარი მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა დაუჭირეს. ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ხელოვნების განვითარებას და ხელშეწყობას, თუმცა  ქვეყანას და მის დედაქალაქს  უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე არ გამორიცხავს, რომ საბალეტო დასის შექმნას მერიაში კონკრეტული გულშემატკივრებიც ჰყავდეს.

"ია მაქაცარია, როგორც ვიცით, არის ყოფილი მოცეკვავე და, რა თქმა უნდა, მოცეკვავეებთან და ბალეტის სამყაროსთან აქვს ალბათ რაიმე კონტაქტი.  არ არის დღეს დროული, როდესაც ქალაქში არაფერი არ არის გაკეთებული, როდესაც ეკონომიკური გაჭირვებაა, როდესაც ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და დედაქალაქი ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს.  ეს გამოდის ჭირიანობის დროს მეჯლისი“, - ამბობს უგრეხელიძე.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით კი, დედაქალაქისთვის პრიორიტეტული საკითხი ავარიული შენობები უნდა იყოს.

"ნამდვილად ვიცი, რომ ამ ქალაქში ხალხს სახლი ენგრევა თავზე და ჩემი აზრით, პირველი რიგის ამოცანა ახლა ეს არის. როდესაც ეს საკითხი ნორმალურად არ დაძრულა და ავარიული შენობებისთვის მხოლოდ 20 მილიონია გამოყოფილი, რაც ზღვაში წვეთია, ამ დროს საბალეტო დასის შექმნა რამდენად მიზანშეწონილი და გამართლებულია, ამაზე არგუმენტები ვერ მოვისმინე.“ - აღნიშნავს დეპუტატი.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ოპოზიციას პასუხობს და ამბობს, რომ პრიორიტეტული სწორედ ხელოვნება და კულტურაა. მისი თქმით, ამ სფეროს განვითარების შემთხვევაში მიიღწევა სოციალური და ეკონომიკური შედეგი.

"გაუგებარია, სწორედ ოპოზიციის მხრიდან განცხადება, რომ ხელოვნება და კულტურა არ არის აქტუალური საკითხი. პირიქით, სწორედ კრეატიული და შემოქმედებითი სფეროს განვითარება არის ნომერი პირველი ამოცანა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური ეფექტი. საბჭოთა პერიოდში ებრძოდნენ თანამედროვე ბალეტს“,-  აღნიშნა ტალიაშვილმა.

კომენტარები